საპატრიარქოში შეხვედრაზე პრემიერ-მინისტრი, გიორგი გახარიაც მივიდა. ინფორმაციას ამის შესახებ მთავრობის პრესსამსახურში ადასტურებენ. მანამდე ცნობილი გახდა, რომ პატრიარქთან შესახვედრად საპატრიარქოში დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე და ჯანდაცვის მინისტრი, ეკა ტიკარაძე მივიდნენ. მოგვიანებით კი გავრცელდა ინფორმაცია, რომ საპატრიარქოში იმყოფებოდნენ თბილისის მერი, კახა კალაძე და მთავრობის სხვა წევრები, მათ შორის იუსტიციის მინისტრი, თეა წულუკიანი, შინაგან საქმეთა მინისტრი გომელაური და ვიცე პრემიერი მაია ცქიტიშვილი.
შეხვედრის თემაზე კომენტარი ჯერჯერობით არ კეთდება, თუმცა სავარაუდოდ თემა სააღდგომო ლიტურია იყო, რომლის გამართვას საპატრიარქო კარანტინის მიუხედავად მაინც გეგმავს და მრევლისთვის ეკლესიების დაკეტვას არ აპირებს.
მთავრობის წევრთა ნაწილმა გასულ კვირას თქვა, რომ ლიტურგიაზე არ მივა და სააღდგომო წირვას ტელევიზორში უყურებს.
ხელისუფლებას დღემდე არ მიუღია ზომები ეკლესიებში არსებული ხალხმრავლობის გამო, რითაც საგანგებო მდგომარეობის წესები ირღვევა, რომლის მიხედვით სამზე მეტი პირის თავშეყრა აკრძალულია, გარდა სასურსათო მაღაზიებისა და აფთიაქებისა. მიუხედავად ამისა, ეკლესიებსა და ტაძრებში მსახურება გრძელდება და მრევლი წირვებს ესწრება. ამის გამო ხელისუფლებას მოქალაქეების ნაწილი და ოპოზიცია აკრიტიკებს და კანონის შერჩევით გამოყენებაში ადანაშაულებს.