საპატრიაქომ მხარი დაუჭირა გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც კომპენსაცია უნდა მიეცეს ყველა რელიგიურ გაერთიანებას, რომელთაც საბჭოთა პერიოდში ზარალი მიადგათ – ამის შესახებ ინფორმაცია საპატრიარქომ თავის ოფიციალურ ვებ გვერდზე გამოაქვეყნა.
“ისტორიული სამართლიანობის აღდგენის პრინციპიდან გამომდინარე, საქართველოს საპატრიარქო ყოველთვის მხარს უჭერდა ზემოაღნიშნულის განხორციელებას. ეს პოზიცია არაერთხელ იქნა გაჟღერებული ჩვენ მიერ და ვიმედოვნებთ, იგი რეალობად მალე იქცევა,” – წერია განცხადებაში.
14 ივლისს ფრიდრიხ ებერტის ფონდის სამხრეთ კავკასიის წარმომადგენლობაში კავშირი “21-ე საუკუნის” ინიციატივით ინტერრელიგიური სამუშაო ჯგუფის მორიგი შეხვედრა შედგა, რომელშიც საქართველოს საპატრიარქოს წარმომადგენლებიც იღებდნენ მონაწილეობას.
ამ შეხვედრაზე განიხილეს და მხარი დაუჭირეს აღნიშნული ორგანიზაციის მიერ საქართველოს მთავრობის #117 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის პროექტს, რომელიც სწორედ ამ კომპენსაციის გაცემას ითვალისწინებს.
შეგახსენებთ, რომ “საქართველოს სახელმწიფოსა და საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას შორის“ კონსტიტუციური შეთანხმების დამტკიცების შესახებ კანონის მიხედვით, “სახელმწიფო ადასტურებს XIX-XX საუკუნეებში (განსაკუთრებით 1921-90 წლებში), სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის დაკარგვის პერიოდში, ეკლესიისათვის მატერიალური და მორალური ზიანის მიყენების ფაქტს და როგორც ჩამორთმეული ქონების ნაწილის ფაქტობრივი მფლობელი, იღებს ვალდებულებას მატერიალური ზიანის ნაწილობრივ კომპენსაციაზე” – ამ აღიარების საფუძველზე საქართველოს მთავრობა საქართველოს საპატრიარქოს ბიუჯეტიდან ყოველწლიურად 25 მილიონ ლარს უხდის.