საქართველოს საპატრიარქო ძალადობის წახალისების შემდეგ ჟურნალისტების ცემას გმობს და აცხადებს, რომ მათთვის ლოცულობს.
მათივე თქმით, 5 ივლისს დაგეგმილი “პრაიდი” იყო “არატრადიციული ცხოვრების წესის პროპაგანდა და შეიცავდა ჩვენს მოსახლეობასა და მომავალ თაობაზე მორალური, ფსიქოლოგიური და იდეოლოგიური ძალადობის ნიშნებს, რაც თავისთავად აუცილებლად გამოიწვევდა მკვეთრ რეაგირებას”.
“ამის შესახებ ვაფრთხილებდით საელჩოებს და ვთხოვდით, თავი შეეკავებინათ აქციის მხარდაჭერისაგან, რათა ქვეყნისთვის აეცილებინათ მოსალოდნელი შფოთი და დაპირისპირება. სამწუხაროდ, როგორც ჩვენი, ისე ხალხის აზრი უგულებელყოფილ იქნა.
ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციაში ვკითხულობთ:
“1. ყველას აქვს აზრის გამოხატვის თავისუფლება. ეს უფლება მოიცავს ადამიანის თავისუფლებას, გააჩნდეს საკუთარი შეხედულება, მიიღოს ან გაავრცელოს ინფორმაცია ან იდეები საჯარო ხელისუფლების ჩაურევლად და სახელმწიფო საზღვრების მიუხედავად…
2. ამ თავისუფლებათა განხორციელება, რამდენადაც ისინი განუყოფელია შესაბამისი ვალდებულებისა და პასუხისმგებლობისაგან, შეიძლება დაექვემდებაროს კანონით დადგენილ ისეთ წესებს, პირობებს, შეზღუდვებს ან სანქციებს, რომლებიც აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში ეროვნული უშიშროების, ტერიტორიული მთლიანობის ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების ინტერესებისათვის, საზოგადოებრივი უწესრიგობის თუ დანაშაულის აღსაკვეთად, ჯანმრთელობის ან მორალის დაცვის მიზნით, სხვათა უფლებების ან ღირსების დასაცავად… ”
ამიტომაც ვთვლით, რომ მომხდარზე პასუხისმგებლობა, სხვებთან ერთად, პირველ რიგში, უნდა დაეკისროს „თბილისი პრაიდის“ ორგანიზატორებს, რომელთაც, ქვეყანაში არსებული რეალობის გაუთვალისწინებლად, ჯერ დაგეგმეს და შემდგომ უარი არ თქვეს ამ ღონისძიებაზე, რითაც დისკრედიტაციის დიდი საფრთხის წინაშე დააყენეს დასავლური ღირებულებები”,– წერია საპატრიარქოს განცხადებაში.
ცნობისთვის, დღეს თბილისი პრაიდის ღირსების მარში პუტინისტური ჯგუფების ძალადობის გამო ვერ შედგა. მოძალადეებმა 53 ჟურნალისტს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, მათ ნაწილს ჰოსპიტალიზაცია დასჭირდა. პოლიციამ მხოლოდ 8 პირი დააკავა ადმინისტრაციული წესით.