საპენსიო სესხის მაქსიმალური პროცენტი 26% იქნება

საპენსიო სესხის პროცენტის ზედა ზღვარი 26%-მდე დაიწევს. ამის შესახებ, მთავრობის ადმინისტრაციაში საპენსიო სესხის პროცენტის საკითხთან დაკავშირებით შეხვედრის შემდეგ გახდა ცნობილი.

სახელმწიფო პენსიების დარიგების მომსახურებაში პოტენციურ გამარჯვებულ ბანკს ერთი წლის განმავლობაში 15 მილიონ ლარს გადაუხდის. მომავალი ერთი თვის განმავლობაში შეირჩევა ბანკი, რომელიც ახალი პირობებით გასცემს პენსიებს და სესხებს საპენსიო უზრუნველყოფით. თებერვლის ბოლოს ბანკებისთვის კონკურსი გამოცხადდება, სადაც გაირკვევა, თუ რომელი ბანკი დაარიგებს პენსიებს. ამ ეტაპზე ინტერესი „ლიბერთი ბანკმა“ და „საქართველოს ბანკმა“ გამოთქვეს.

პარლამენტის წევრმა „ქართული ოცნებიდან“, ირაკლი ზარქუამ აღნიშნა რომ  სურვილის შემთხვევაში, პენსიონერი შეძლებს პენსიის სხვა, სასურველ ბანკში მოღებას.

„დაახლოებით 15 მილიონით შეეხიდება სახელმწიფო პენსიების დარიგებაში პოტენციურ გამარჯვებულ ბანკს. ასევე, ზედა ზღვარი შემცირდა, რაც იყო ჩვენი გუნდის სურვილი და მათ შორის, ოპოზიციაც ამისთვის იღვწოდა, რომ პროცენტი დაწეულიყო და არა პოპულისტური, არამედ ადეკვატური პროცენტი ყოფილიყო. პროცენტი დაახლოებით, 26 პროცენტის ფარგლებში არის.

ასევე, მნიშვნელოვანი იყო, რომ ვთხოვეთ ეროვნულ ბანკს, რომ უშუალოდ პენსიონერებისთვის ცალკე ცხელი ხაზი შეექმნა და ასევე, მნიშვნელოვანია, რომ ჩვენს პენსიონერებს აქვთ უფლება, რომ იმ შემთხვევაში, თუ მოუნდებათ პენსიის სხვა ბანკში აღება, მათ ამის შესაძლებლობა აქვთ. ეს იყო ხელშეკრულებაშიც და ეს პოპულიზმი ვერ მოიშორა ზოგიერთმა ოპოზიციონერმა,“ – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

უწყებათაშორისი კომისიის შეხვედრაში მონაწილეობდნენ აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წევრები, მათ შორის, საპარლამენტო ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები.