საპროტესტო აქციის დროს დაკავებულ 8 ადამიანს პატიმრობა შეუფარდეს.
გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ირაკლი ხუსკივაძემ მიიღო. საქმის პროკურორები არიან ვაჟა თოდუა და შმაგი გობეჯიშვილი.
დაკავებულების ადვოკატის თქმით, ერთადერთი, რასაც მის დაცვის ქვეშ მყოფებს ედავებიან, არის ქვის სროლა.
“მე ერთადერთი შეფასება მაქვს, ეს არ არის სასამართლო, ეს არის საყასბო. […] ჩემი დაცვის მყოფების შემთხვევაში, არ არსებობს არანაირი მტკიცებულება, ეს არის ქვასროლია ბიჭების საქმე. პროკურორმა პირდაპირ აღნიშნა, რომ ქმედება, რის გაკეთებასაც ედავებიან, არის ქვის სროლა” – ამბობს ადვოკატი.
მათ პროკურატურა სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე და 18, 229-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას ედავება, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას და ხელმძღვანელობას, ასევე ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობასა და აფეთქების მომზადებას გულისხმობს.