ამერიკის ჯანდაცვის სფეროს ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ შეერთებული შტატების ქალაქებში მიმდინარე საპროტესტო დემონსტრაციების შედეგად, შესაძლოა კორონავირუსით დაინფიცირების ახალი შემთხვევების მოზღვავება დაიწყოს.
ამერიკის დაახლოებით 40 ქალაქში უკვე რამდენიმე დღეა მასობრივი საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. საპროტესტო ტალღა მინეაპოლისში თეთრკანიანი პოლიციელის მიერ შავკანიანი მამაკაცის მიმართ ძალის გამოყენების გამო დაიწყო. ინციდენტის დროს 46 წლის ჯორჯ ფლოიდი გარდაიცვალა.
მომიტინგეების ერთი ნაწილი ნიღბებს ატარებს, მეორე ნაწილი კი არა. სოციალური დისტანცირება ისედაც რთული შესანარჩუნებელია, მაგრამ ისეთი დემონსტრაციების დროს, როგორიც ბოლო სამი დღეა მასობრივად მიმდინარეობს, ერთმანეთთან დისტანცირება შეუძლებელია.
„ისევ გავიმეორებ, რომ თითქოს მას შემდეგ ერთი ცხოვრება გავიარეთ: ჩვენ ისევ პანდემიის შუაგულში ვართ… ჯერ ისევ იმის ზღვარზე ვართ, რომ საავადმყოფოებმა ვერე შეძლონ ნაკადის მოზღვავებისთვის თავის გართმევა,“ უთხრა მინესოტის გუბერნატორმა ტიმ ვოლცმა „ასოშეიტედ პრესს.“
იგივეს უმეორებს მოსახლეობას ატლანტის მერი კეიშა ლანს ბოტომსი და დასძენს, რომ პანდემია უფრო მეტად რასობრივ უმცირესობებს აზარალებს.
„ამერიკაში პანდემია ჯერ ისევ მიმდინარეობს და ის შავ და მუქ-კანიან ადამიანებს უფრო მაღალი რაოდენობით კლავს,“ თქვა მერმა. მისი რეკომენდაციით, ყველა ადამიანმა, რომელიც საპროტესტო დემონსტრაციებში მონაწილეობდა, კოვიდ-19-ზე ტესტირება უნდა ჩაიტაროს.
საპროტესტო დემონსტრაციების მონაწილე ბევრი ადამიანი ამბობს, რომ ვირუსი ჯერ ისევ აშფოთებს, მაგრამ პოლიციის მხრიდან ძალადობისა და რასიზმის წინააღმდეგ ხმის ამაღლება, უფრო მნიშვნელოვნად მიაჩნიათ.
ამერიკაში დღემდე კოვიდ-19-ის 1,8 მილიონი შემთხვევაა გამოვლენილი. ეს მსოფლიოს მასშტაბით ყველაზე მაღალი რაოდენობაა. პანდემიის აფეთქებიდან დღემდე ქვეყანაში 106 ათასზე მეტი ადამიანია გარდაცვლილი.
ბოლო პერიოდში გამოქვეყნებული კვლევები აჩვენებს, რომ აფრო-ამერიკულ და მუქ-კანიან რასობრივ უმცირესობებში კოვიდ-19-ის გამო მსხვერპლი გაცილებით მაღალია. აფრო-ამერიკელები ამერიკის მოსახლეობის 13 პროცენტს შეადგენენ, მაგრამ ამავდროულად კოვიდ-19-ის შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობის 25 პროცენტი სწორედ შავკანიანი მოსახლეობაა.
APM კვლევითი ლაბორატორიის მიერ ჩატარებული კვლევა ამბობს, რომ შავკანიან ამერიკელთა შორის სიკვდილობის მაჩვენებელი 2,4-ჯერ მაღალია, ვიდრე თეთრკანიანებში.
წყარო: ამერიკის ხმა