საპროცედურო საკითხთა კომიტეტი ბადრი ჯაფარიძის, შალვა ნათელაშვილისა და ელენე ხოშტარიას უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს განიხილავს

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი  31 იანვრის სხდომაზე სამი ოპოზიციონერი დეპუტატის – ბადრი ჯაფარიძის, შალვა ნათელაშვილისა და ელენე ხოშტარიასთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს განიხილავს და  დასკვნას გადაწყვეტილების მისაღებად პარლამენტს წარუდგენს.

დეპუტატებისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის მიზეზი განსხვავებულია. ელენე ხოშტარიამ სადეპუტატო მანდატზე უარი თავად თქვა და შესაბამისად, სხდომებს მას შემდეგ არ ესწრება. რეგლამენტის მიხედვით, თუ პარლამენტის წევრი სესიის განმავლობაში არასაპატიო მიზეზით სხდომების ნახევარზე მეტს არ დაესწრება, მათი უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხი ავტომატურად დგება. ამავე მიზეზით შეიძლება შეუწყდეს დეპუტატის უფლებამოსილება შალვა ნათელაშვილს, რომელმაც პარლამენტში შესვლაზე უარი თქვა, თუმცა ბოლო დროს აცხადებს, რომ შეიძლება პარლამენტში შესვლა გადაწყვიტოს.

რაც შეეხება ფრაქცია “ლელო-პარტნიორობა საქართველოსთვის“ თავმჯდომარის ბადრი ჯაფარიძის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს, მიზეზი ჯაფარიძის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის საქმეზე გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენია, რომლითაც ჯაფარიძე დამნაშავედ ცნეს. თუმცა იმის გამო, რომ დანაშაული ხანდაზმულია სასამართლომ  მას პატიმრობა არ შეუფარდა.

იურისტების ნაწილი ამბობს, რომ ეს გადაწყვეტილება დეპუტატის უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძველი ვერ გახდება.

კომიტეტის მიერ დადებითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში მანდატების შეწყვეტის საკითხი კენჭისყრაზე საგაზაფხულო სესიის პირველივე სხდომაზე დადგება.