სპეციალური პენიტენციური სამსახურის ინფორმაციით, სარფში დაკავებულ პირს ერთ-ერთი სამოქალაქო კლინიკის კარანტინში კორონავირუსი დაუდასტურდა.
უწყების განცხადებით, ინფიცირებულს საკარანტინო ზონის ბოქსირებულ პალატებში განთავსებულ სხვა ახალდაკავებულ ბრალდებულებთან შეხება არ ჰქონია, თუმცა ამის მიუხედავად, ყველა ბრალდებულს, ასევე მოცემულ კლინიკაში დისლოცირებულ ესკორტის ოფიცრებს და ბრალდებულ რ.მ.-სთან კონტაქტში მყოფ სხვა პირებს, დადგენილი წესით, ტესტები ჩაუტარდებათ.
„24 აპრილს, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მიერ სარფში სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე დაკავებული იქნა ბრალდებული რ.მ., რომელიც იმავე დღეს პირდაპირ განთავსდა სამოქალაქო სექტორის კლინიკაში, სადაც იგი შსს-ს თანამშრომლებისგან სპეციალური პენიტენციური სამსახურის ესკორტის ოფიცრებმა გადაიბარეს.
მას დღეს, 12 მაისს, PCR ტესტის შედეგების მიხედვით კოვიდ-19 დაუდასტურდა. ბრალდებული კვლავ იმყოფება სამოქალაქო სექტორის კლინიკის საკარანტინო ნაწილში და მისი მდგომარეობა სტაბილურია. ჯანდაცვის შესაბამის სტრუქტურებთან თანამშრომლობით, იგეგმება მისი გადაყვანა ე.წ.კოვიდის სამკურნალო კლინიკაში”,- აცხადებს სპეციალური პენიტენციური სამსახური.