სარფში 128 159 ლარის ოქროს ნაკეთობების უკანონოდ გადმოტანისთვის უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა საბაჟო გამშვებ პუნქტ “სარფზე” 128,159 ლარის ღირებულების ოქროს საიუველირო ნაკეთობების უკანონოდ გადმოტანის ფაქტი გამოავლინეს. 

“საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ, შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტთან კოორდინაციით, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, საქართველოს საბაჟო საზღვარზე, განსაკუთრებით დიდი ოდენობით საქონლის საბაჟო წესების დარღვევით გადმოტანის ფაქტზე, დაკავებულ იქნა უცხო ქვეყნის მოქალაქე.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, საბაჟო გამშვები პუნქტი „სარფი“-ს გავლით, საბაჟო კონტროლისაგან მალულად, საქართველოს საბაჟო საზღვარზე გადმოიტანა 1 237 გრამი ოქროს საიუველირო ნაკეთობები, რომელთა საბაჟო ღირებულება შეადგენს 128 159 ლარს”, – ვკითხულობთ განცხადებაში.

საქმეზე გამოძიება გრძელდება სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 5-დან 7-წლამდე ვადით.