თბილისის საქალაქო სასამართლომ გიორგი რურუა კვლავ პატიმრობაში დატოვა. დღევანდელ პროცესზე, დაცვის მხარემ სასამართლოს აღკვეთი ღონისძიების შეცვლის თაობაზე 10 ათასი ლარის ოდენობით გირაოს შუამდგომლობით მიმართა. თუმცა, მოსამართლემ შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.
პროკურატურა გიორგი რურუას კვლავ პატიმრობაში დატოვებას ითხოვდა. პროკურორის განმარტებით, რურუას მხრიდან მიმალვის და ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე დიდია და გირაოს შეფარდება საფრთხის შემაკავებელი ვერ იქნება.
“ბატონო მოსამართლე, უკანონო პატიმარი ვარ, ეს არის პოლიტიკური მართლმსაჯულება ჩემს მიმართ”,- განაცხადა სხდომაზე გიორგი რურუამ.
გიორგი რურუა სამართალდამცავებმა 18 ნოემბერს, სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულისთვის დააკავეს, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.
მას ოპოზიცია და საერთაშორისო პარტნიორები პოლიტპატიმრად მოიხსენიებენ და ხელისუფლებას მოუწოდებენ, პატიმრობიდან გაათავისუფლონ.
მათივე მტკიცებით, გიორგი რურუას გათავისუფლება 8 მარტს დადებული საარჩევნო შეთანხმების ნაწილია, თუმცა ქართული ოცნება ამ დრომდე არ აღიარებს, რომ შეთანხმება პოლიტპატიმრების გათავისუფლებას მოიცავს.
ცოტახნის წინ აშშ–ის ელჩმა საქართველოში, კელი დეგნანმა იმედი გამოთქვა, რომ 8 მარტის შეთანხმების ორივე ნაწილი შესრულდება.