სასამართლომ დავით მუმლაძის მკვლელობაში ბრალდებული გაამართლა

რუსთავის საქალაქო სასამართლომ 35 წლის დავით მუმლაძის მკვლელობის, ჯგუფურად უკანონო თავისუფლების აღკვეთისა და უკანონო თავისუფლების აღკვეთის ხელშეწყობაში ბრალდებული ექვსი პირიდან ერთი სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა.

მოსამართლის გადაწყვეტილებას დაზარალებული ოჯახის პროტესტი მოჰყვა, რადგან გათავისუფლებული გიორგი ასათიანი, იგივე გიორგი შონია, მუმლაძის გატაცებისა და მისი სასტიკი მკვლელობის ორგანიზატორად სახელდებოდა.

სასამართლომ მკვლელობაში ბრალდებულ ზურაბ ჯღარკავას 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, ბრალდებულებს – დავით მიროტაძეს და მიხეილ ღუბიანურს 10-10 წლით პატიმრობა შეეფარდათ, დიმიტრი დუღაშვილსა და გიორგი გეთაშვილს კი 9-9 წელი.

შეგახსენებთ, რომ დავით მუმლაძის ცხედარი 2019 წლის 5 ოქტომბერს მტკვარმა გამორიყა. გავრცელებული ინფორმაციით, მას 30-მდე ჭრილობა აღენიშნებოდა.

მუმლაძის მკვლელობის საქმეზე 6 პირი იყო დაკავებული. მათგან ხუთი 7 ოქტომბერს დააკავეს, ხოლო ზურაბ ჯღარკავა 2 იანვარს, წითელი ხიდის სასაზღვრო გამშვებ პუნქტთან.