სასამართლომ არ დააკმაყოფილა ბათუმელი მედროშის, თემურ ქათამაძის სარჩელი ლტოლვილის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით. გადაწყვეტილება მოსამართლე დიანა ფარქოსაძემ გამოაცხადა.
თემურ ქათამაძე ბათუმის პოლიციის სამმართველოსთან საპროტესტო აქციისას 11 იანვარს ადმინისტრაციული წესით დააკავეს და 5-დღიანი პატიმრობა შეუფარდეს.
თემურ ქათამაძე ათ წელზე მეტია საქართველოში ცხოვრობს და მოქალაქეობის მინიჭებაზე არაერთხელ მიმართა საქართველოს ხელისუფლებას, თუმცა უარი მიიღო.
ქათამაძის უფლებებს საია იცავს. ადვოკატ მარიამ გაბროშვილის განმარტებით, თემურ ქათამაძისთვის საქართველოდან თურქეთში წასვლა საფრთხეს წარმოადგენს, რის გამოც, ის საქართველოში ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭებას ითხოვს. მისი თქმით, ამას ქათამაძე წლების განმავლობაში ითხოვდა და შესაბამის მოთხოვნებსაც აკმაყოფილებდა, თუმცა ამის მიუხედავად, სახელმწიფომ მას უარი სამჯერ უთხრა. ადვოკატის განმარტებით, ქათამაძემ საკუთარი პოზიციების საჯარო დაფიქსირება უარის მიღების შემდგომ დაიწყო, რადგანაც თვლიდა, რომ თავშესაფრის მოთხოვნაზე სახელმწიფოსგან უარი დაუსაბუთებლად მიიღო.
ბათუმელი მედროშე, თემურ ქათამაძე ბათუმში პოლიციამ თავდაპირველად ადმინისტრაციული წესით დააკავა, თუმცა პატიმრობიდან გათავისუფლების შემდგომ ის კვლავ დააკავეს.მეორედ დაკავებისას პოლიცია თემურ ქათამაძეს საქართველოში ცხოვრების უფლების არქონას ედავება.