მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის, ბექა ბასილაიას თქმით, საქალაქო სასამართლო ითხოვს, რომ სააკაშვილის სასამართლო პროცესი ჩატარდეს საქალაქო სასამართლოში და მას დაესწროს თავად მესამე პრეზიდენტიც.
მისივე თქმით, თუ პენიტენციური სამსახური და იუსტიციის სამინისტრო ამ მოთხოვნას არ შეასრულებენ, ეს იქნება კიდევ ერთი დასტური იმის, რომ ხელისუფლება შეშინებულია და ცდილობს კრიმინალური ხელით პროტესტი ჩაახშოს.
“დამიკავშირდა საქალაქო სასამართლოს სხდომის შემადგენლობის წარმომადგენელი და მითხრა, რომ ხვალინდელ პროცესზე გააკეთებენ მოთხოვნას მიხეილ სააკაშვილის სასამართლო დარბაზში გადაყვანასთან დაკავშირებით. შესაბამისად, სასამართლომ დააფიქსირა, რომ პროცესი უნდა შედგეს საქალაქო სასამართლოში და დააფიქსირა, რომ მიხეილ სააკაშვილის გადაყვანას ითხოვენ სასამართლო დარბაზში. იუსტიციის სამინისტრო, პენიტენციური სამსახური არიან ვალდებული, სასამართლოს ეს მოთხოვნა შეასრულონ. თუ ხვალ მიხეილ სააკაშვილის პროცესი არ ჩატარდება სასამართლო დარბაზში, ეს იქნება კიდევ ერთი მაჩვენებელი იმის, რომ ხელისუფლება არის შეშინებული და ცდილობს მხოლოდ კრიმინალის ხელით, თავადაც კრიმინალური ქმედებებით ჩაახშოს ის დიდი პროტესტი, რაც ქართველ ხალხშია”,– ამბობს ბასილაია.
მისივე განმარტებით, არ არსებობს არანაირი სამართლებრივი საფუძველი ხვალინდელი პროცესის სასამართლოში არგამართვასთან და სააკაშვილის არგადაყვანასთან დაკავშირებით.
“მითუმეტეს, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დღითიდღე უარესდება და ეს შეიძლება იყოს ერთ-ერთი ბოლო შანსი, ის წარსდგეს სასამართლოს წინაშე. მიხეილ სააკაშვილი გააკეთებს ყველაფერს, მოიკლებს უკანასკნელ ღონეს იმისთვის, რომ სასამართლო პროცესზე გამოცხადდეს”. – აღნიშნავს ადვოკატი.