სასამართლო კლანის უვადოდ ჩაბეტონებით, საფრთხის წინაშე დააყენეთ ქვეყნის ეროვნული ინტერესები – ყოფილი მოსამართლე ივანიშვილს მიმართავს

” სასამართლო კლანის უვადოდ ჩაბეტონებით თქვენ საფრთხის წინაშე დააყენეთ ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესები”- ამის შესახებ,  ყოფილი მოსამართლე, ბესარიონ ალავიძე სოციალურ ქსელში წერს და ბიძინა ივანიშვილს ღია წერილით მიმართავს. ალავიძე მოუწოდებს ივანიშვილს  სასამართლო სისტემა ე.წ. კლანური მმართველობისგან გაათავისუფლოს.

”ღია წერილი ბატონ ბიძინა ივანიშვილს

ბატონო ბიძინა ხშირად ისმის თქვენს მიმართ კრიტიკაც და საქებარი სიტყვებიც, სიმართლეც და ტყუილიც, ასეა მოწყობილი ეს წუთისოფელი, ასეთია ადამიანური ბუნება, ხან უსამართლოდ და ხანაც სამართლიანად გექცევიან, ხშირად აუტანელიც კი არის ყოველივე ეს. თქვენ მე მიცნობთ და შესწავლილი გაქვთ ჩემი ფსიქოლოგია, ხშირად ყოფილა ჩემი პიროვნება თქვენს კაბინეტებში განხილვის საგანი, კარგად თუ ავად, არაერთხელ მიმიღია შემოთავაზება მაღალ თნამდებობაზე, თუმცა არცერთხელ არ მივიღე თქვენი წინადადება. რომ არ დაგღალოთ და ზედმეტად დაგტვირთოთ ემოციებით, მინდა პირდაპირ გითხრათ ის, რაც თქვენთვის მაქვს სათქმელი, – მოგიწოდებთ უშუუალოდ მიმართოთ სასამართლოს “კლანის” წევრებს, “შინაურულად” და ურჩიოთ სახლში წასვლა, მართლაც ელოდა მთელი სასამართლო კორპუსი მათგან გათავისუფლებას, მაგრამ 2012 წლის არჩევნების შემდეგ იმედი გაუცრუეთ პატიოსან და კეთილსინდისიერ მოსამართლეებს.

ახლა, როცა თანამედროვე საქართველოს ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხები წყდება, თქვენ გაქვთ შანსი ისტორიაში შეხვიდეთ როგორც ჩვენი სახელოვანი წინაპრების გზის გამგრძელებელი, რომელთა სანუკვარი ოცნება იყო ევროპულ ოჯახში დაბრუნება და მათ შორის დამოუკიდებელი სასამართლოს დაფუძნება, არა ისეთის, რომელიც დღეს ვერ სარგებლობს ნდობით და რომელსაც სახელი აქვს გატეხილი.

ჩემი რჩევა, გინდაც თხოვნა ერთი შეხედვით უცნაურად გამოიყურება, მაგრამ ზოგჯერ საშუალება ამართლებს მიზანს, ისინი ხომ ამ გზით მოვიდნენ დღეს არსებულ პიზიციებზე. გულწრფელად გეტყვით და სრული პასუხისმგებლობით, ის ადამიანები, რომელთაც თქვენ ნდობა გამოუცხადეთ ასე უხსნიდნენ მოსამართლეებს, მათ შორის მეც “ახალი მორჩილების” ამბავს, – “ჩვენ ყველა იმ ხელისუფალს უნდა ვემსახუროთ, რომელიც უმრავლესობით მოვა, ასე ვიყავით ნაციონალების დროს, ასე უნდა ვიყოთ ახლა და მომავალში ვინც მოვა იმასთან ვიქნებითო.” სასამართლო კლანის უვადოდ ჩაბეტონებით თქვენ საფრთხის წინაშე დააყენეთ ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესები, სწორედ ეს ადამიანები კარნახობდნენ მოსამართლეებს რა გადაწყვეტილება უნდა მიეღოთ, ვიდრე თქვენ ოპოზიციაში იყავით, დროს ყველაფერი შეუძლია, რა იცით, იქნებ აღმოჩნდეთ ნაცნობ, მძიმე სიტუაციაში და ისევ დაგჭირდეთ სამართლიანი სასამართლო, გაძლევთ გარანტიად საკუთარ სიცოცხლეს რომ ამას ვერ მიიღებთ “კლანური” მმართველობის პირობებში.

თქვენ გაქვთ შანსი გააუვნებელყოთ თქვენს ხელში არსებული ნაღმი და შეასრულოთ ისტოროული მისია. შეგიძლიათ წარსდგეთ მართალი მომავალი თაობების წინაშე და ბოლოს, თუ ამ წერილის გამო ჩემს ოჯახის წევრებს ან ახლობლებს შეექმნებათ მცირედი საფრთხე მაინც, თქვენ უნდა აიღოთ ეს პასუხისმგებლობა, მე საკუთარი თავი გადადებული მაქვს!” – წერს ბესარიონ ალავიძე.