სასამართლო მონურად ემსახურება პოლიტიკურ გუნდს – ხოშტარია რურუას განაჩენზე

ევროპული საქართველოს ერთ–ერთი ლიდერი, ელენე ხოშტარია გიორგი რურუასთვის 4–წლიანი პატიმრობის მისჯას ეხმიანება. მისი თქმით, მთელი სასამართლოს განმავლობაში მტკიცდებოდა ერთი რამ, რომ გიორგი რურუა არის სისტემის მსხვერპლი, რომ გიორგი რურუას ცალსახად ჩაუდეს იარაღი”.

ხოშტარიას განცხადებით, სასამართლო მონურად ემსახურება საქართველოს ხელისუფლებას.

“ამას დამტკიცებაც არ უნდა, უბრალოდ ერთი მიდევნება უნდა, რომ ეს იყო ძალით ჩადებული იარაღი. ეხლა რისთვის უნდოდათ, ცხადია უნდოდათ პოლიტიკური დაშინებისთვის და როგორ რეაგირებს ქართული საზოგადოება და საერთაშორისო თანამეგობრობა პოლიტიკურ დევნაზე და სასამართლოს პოლიტიკური ნიშნით გამოყენებაზე. მიუხედავად იმისა, ვინ როგორ ეპყრობა კონკრეტულ მოქალაქეს, აი ესეთი სასამართლო არცერთ საქართველოს მოქალაქეს არ უნდა. სასამართლო, რომელიც ემსახურება მონურად პოლიტიკურ გუნდს. ამიტომ, ეს იქნება ერთ-ერთი ყველაზე მთავარი მიზეზი, რატომაც ქართული ოცნება უნდა წავიდეს და დაიხუროს აი ესეთი მონური სასამართლოს ფურცელი”. – ამბობს ხოშტარია.

ხოშტარია დასავლელი პარტნიორებისა და საერთაშორისო თანამეგობრობის გზავნილებსაც გამოეხმაურა, სადაც ისინი რურუას გათავისუფლებას ითხოვდნენ და თქვა, რომ ამ მოთხოვნების შეუსრულებლობის გამო ქართული ოცნება დიდ ფასს გადაიხდის.

“საერთაშორისო თანამეგობრობა პირდაპირ გვეუბნება გიორგი რურუას სახელის დასახელებით, პირდაპირ სენატორები ლაპარაკობენ, გამოუშვით გიორგი რურუა, გიორგი რურუა პოლიტპატიმარია. პომპეომ უთხრა გახარიას, რომ უნდა მორჩეს სასამართლოს პოლიტიკური ნიშნით გამოყენება. ამაზე ხმამაღალი განაცხადი არ არსებობს უბრალოდ. ეს რას ნიშნავს, ქართული ოცნება ძალიან დიდ ფასს გადაიხდის ამ ყველაფერში, გიორგი რურუა აუცილებლად გამოვა, გიორგი რურუა აუცილებლად დაუმტკიცებს სისტემას, რომ ის არის ამ შემთხვევაში მსხვერპლი სისტემის, მაგრამ კიდევ უფრო დიდი ამოცანა გვაქვს, რომ მთლიანად ეს სისტემა მოვშალოთ. არ მივიღებთ ესეთ მონურ სასამართლოს ამ ქვეყანაში”. -აცხადებს ელენე ხოშტარია.

“მთავარი არხის“ ერთ-ერთი მეწილე გიორგი რურუამ სასამართლომ დამნაშავედ ცნო და მას თავისუფლების აღკვეთა 4 წლის ვადით შეუფარდა. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა გამოაცხადა. მოსამართლემ რურუა წარდგენილ ორივე მუხლში გაამტყუნა.

გიორგი რურუა გასული წლის 18 ნოემბერს, ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა შენახვის ბრალდებით დააკავეს. რურუა ბრალს არ აღიარებს.

გიორგი რურუა მოძრაობა “სირცხვილიას” აქციებს აფინანსებდა, ასევე, გახდა მთავარი არხის მეწილე.

გიორგი რურუას გათავისუფლება ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის 8 მარტს მიღწეული შეთანხმების ნაწილია, თუმცა “ქართული ოცნება” შეთანხმების მეორე ნაწილის არსებობას დღემდე უარყოფს. მიუხედავად ამისა, ოპოზიციისა და დასავლელი პარტნიორების ზეწოლის ფონზე, საქართველოს პრეზიდენტმა უკვე შეიწყალა უგულავა და ოქრუაშვილი.