სასარგებლო კარანტინი: ორი პატარა ფრანგი სახლიდან გაუსვლელად გამდიდრდა

მოსაწყენი კარანტინი შესაძლოა ხანდახან სასარგებლოც აღმოჩნდეს. ასე მოხდა ფრანგულ ოჯახში, რომელმაც გადაწყვიტა კარანტინის პერიოდი ქალაქგარეთ მდებარე სახლში გაეტარებინა.

60 წლის ფრანგმა ბიზნესმენმა და მისმა მეუღლემ გადაწყვიტეს კარანტინის გამოცხადებისთანავე გადასულიყვნენ პარიზის სამხრეთ დასავლეთით მდებარე პატარა ქალაქ ვანდომში, სადაც ძველი ოჯახური სახლი აქვთ. მათმა ორმა შვილმა, რომლებიც ჯერ ათი წლისაც არ არიან გასართობად ეზოში ტოტებისგან, დაფებისგან და ძველი ზეწრებისგან პატარა ქოხის აშენება გადაწყვიტეს. მამამ ბიჭებს ნება მისცა გარდაცვლილი ბებიის ოთახში, კარადაში მოეძებნათ ძველი ზეწრები.

ბიჭებმა ზეწრების გამოღებისას შენიშნეს, რომ კარადიდან ორი, საკმაოდ მძიმე ნივთი გადმოვარდა. დიდი ყურადღება არ მიუქცევიათ, თუმცა მაინც გადაწყვიტეს მამისთვის ეჩვენებინათ. თავიდან ჩათვალეს, რომ ეს ძველებური დანის დასადები იყო, თუმცა მამამ მაინც დაუკავშირდა ადგილობრივ სააუქციონო სახლს  და ექსპერტებს რამდენიმე ფოტო გაუგზავნა. როგორც გაირკვა, ნაპოვნი ნივთები ორი ოქროს ზოდია, რომელთაგან თითო 1 კილოგრამს იწონის.

ორივე ზოდი ახლა ამ სააუქციონო სახლის ვებგვერდზეა გამოფენილი გასაყიდად. თითოს საწყისი ფასი 40 ათასი ევროა.

როგორც გაირკვა, ბიჭების ბებიამ ეს ზოდები 1967 წელს შეიძინა. სახლში შენაძენის კანონიერების დამადასტურებელი საბუთიც აღმოჩნდა.

პანდემიის გამო ოქროს ფასი მუდმივად იზრდება. ექსპერტმა აუქციონისტებმა ოჯახს ურჩიეს მოიცადონ, სანამ ოქროს ფასი კიდევ გაიზრდება და ოჯახი მინიმუმ 100 ათასი ევროს მიღებას შეძლებს.

ბიჭებმა მამას პირობა ჩამოართვეს, რომ ამ ფულიდან მათ ეზოში აუზს გაუკეთებენ.