“სასიხარულო ცნობები მოგვდის დილიდან, რომ პრაქტიკულად, დატვირთულია ჩვენი სასტუმროები” – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ ყვარელში, საქართველოში აკრედიტებულ ელჩებთან შეხვედრაზე განაცხადა.
“ის, რომ ჩვენ შევძელით და გავხსენით შიდა ტურიზმი დათქმულ დროს, როგორც ვთქვით, 15 ივნისს, ეს ნიშნავს იმას, რომ ყველაფერი სწორად გავაკეთეთ და ყველაფერი ისე გამოგვივიდა, როგორც ვფიქრობდი და როგორც ვგეგმავდით. ეს არის ძალიან დიდი მუხლჩაუხრელი შრომის შედეგი, ერთობლივი ძალისხმევის შედეგი და ნამდვილად არ ვგულისხმობ მხოლოდ მთავრობას, მაგრამ მთავრობა მართლაც 24-საათიან რეჟიმში მუშაობდა იმისთვის, რომ აი, ეს წარმატებული ეტაპი მოსულიყო. ეს არის კერძო სექტორის ძალიან დიდი ჩართულობა და ძალიან დიდი მადლობა ჩვენს ტურისტულ ინდუსტრიას და ეს არის თქვენი დახმარება ძვირფასო ელჩებო, იმიტომ, რომ შიდა ტურიზმის გახსნა მოხდა იმ ფონზე, როდესაც საქართველომ მოიპოვა დღესდღეობით ძალიან მნიშვნელოვანი აღიარება – ჩვენ ვართ აღიარებული, როგორც უსაფრთხო დანიშნულების ქვეყანა, მწვანე ქვეყანა, სასურველი ქვეყანა ყველა ვიზიტორისთვის და ამაში არის თქვენი უდიდესი დამსახურება იმიტომ, რომ ძალიან აქტიურად გვიდგახართ გვერდში თქვენი ქვეყნის მთავრობებთან ურთიერთობაში. ამას ჩვენ ვგრძნობდით ანტიკრიზისული გეგმის დაგეგმვის და განხორციელების თითოეულ ნაბიჯზე, ამას ვგრძნობდით მაშინაც, როცა ასე სწრაფად, თქვენი დახმარებით, საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების დახმარებით შევძელით საგარეო დახმარების მობილიზება, რომლის გარეშეც ვერც ერთი ცალკე აღებული ქვეყანა ვერ გაუმკლავდება ამ ახალ, აქამდე უცნობ გამოწვევას და ძალიან, ძალიან დიდი მადლობა თქვენ. ძალიან სასიხარულო ცნობები მოგვდის დილიდან, რომ პრაქტიკულად, დატვირთულია ჩვენი სასტუმროები, სხვადასხვა რეგიონში, ეს გვაძლევს დიდ იმედს, რომ ჩვენი ტურისტული ინდუსტრია უფრო ძლიერი გამოვა ამ კრიზისიდან და დაძლევს ამ გამოწვევას”, – განაცხადა თურნავამ.