“სასოწარკვეთილი მცდელობაა, შანტაჟით ჩაითრიონ ქვეყანა ომში” – ასე ეხმაურება, უკრაინის მხრიდან ბიძინა ივანიშვილის ახლობლებისთვის სანქციების დაწესებას ქართული ოცნების თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე.
„ძალიან მარტივი ლოგიკური დასკვნა შეგვიძლია გამოვიტანოთ ამ ნაბიჯიდან. ერთი მხრივ კონკრეტულად უშიშროების საბჭო, მისი მდივანი მოგვიწოდებს მეორე ფრონტისკენ. გახსოვთ თქვენ უშიშროების საბჭოს მდივნის დანილოვის მხრიდან პირდაპირი მოწოდება მეორე ფრონტთან დაკავშირებით და ზუსტად იგივე უწყება პრაქტიკულად სანქციებით აშანტაჟებს ქვეყანას. ანუ მიზანი ეს არის. იქ არის რა თქმა უნდა მოხსენიებული კონკრეტული ოჯახის რამდენიმე წევრი, მაგრამ თქვენ იცით ამას რა რიტორიკა უძღოდა წინ და რა არის ამ ყველაფრის კონტექსტი. ეს არის მცდელობა, რომ შანტაჟით ჩაითრიონ ქვეყანა ომში და გახსნან აქ მეორე ფრონტი, ანუ რასაც გვეუბნებიან პირდაპირი ფორმით და პირდაპირი სიტყვებით, ახლა იმას ცდილობენ შანტაჟის გზით. რაც არის სასოწარკვეთილი მცდელობა, მე ასე მგონია.
მე მგონია, რომ საქართველოში მეორე ფრონტი არცერთ შემთხვევაში არ გაიხსნება, როგორი შანტაჟიც არ უნდა განხორციელდეს. ისინი არ იცნობენ ბიძინა ივანიშვილს. პირდაპირი მცდელობა იყო, რაც ბიძინა ივანიშვილმა დააფიქსირა თავის წერილში, რომ შანტაჟის ეიძულებინათ ის, დაბრუნებულიყო პოლიტიკაში, ქვეყანა ჩაერთო ომში. ნუ ახლა პირდაპირი ღია მცდელობაა, რაც იყო კულისებს მიღმა ის გამოიტანეს უკვე კულისებიდან გარეთ. რა თქმა უნდა, ვერანაირი შანტაჟით ვერ აიძულებენ ისინი ბიძინა ივანიშვილს, რომ ქვეყნის ომში ჩასართავად დაბრუნდეს პოლიტიკაში. ეს არის გამორიცხული, ისინი უბრალოდ არ იცნობენ ბიძინა ივანიშვილს.” – განაცხადა კობახიძემ.