როდესაც საუბარია ამ სადავო, რუსულ კანონად წოდებული აქტის შეჩერებაზე – შეჩერების შემთხვევაში ვინმეს უფლებებს დაარღვევთ თუ არა, ამის ცალსახა პასუხია – არა. ვის უფლებებს დაიცავთ? ალბათ, ყველა იმ მოქალაქის, ვისაც თავისი ქვეყნის მომავალი გააზრებული და დანახული აქვს ევროპულ ოჯახში, რომ ის სიკეთე მიიღოს, რასაც ევროკავშირი ეფუძნება და მიიღოს უსაფრთხოება, რომელსაც ჩვენი მოქალაქეები იმსახურებენ.

სასწორის ერთ პინაზე დევს საქართველოს ხვალინდელი, ევროპული, სამართლიანი და დემოკრატიული მომავალი – ჩვენი მოქალაქეების ღირებულებითი არჩევანი. სასწორის მეორე პინაზე კი – დევს რამდენიმე ადამიანის ქვეყნის საზიანო ახირებული ქმედება, რომელმაც გადაწყვიტა, რომ საქართველოს საგარეო კურსი შემოატრიალოს და საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ წავიდეს. თქვენთვისაც ეს დევს სასწორის ორივე მხარეს. ამიტომ, ახლა საკონსტიტუციო სასამართლომ, როგორც სწორედ იმ ორგანომ, რომელიც ვალდებულია, კონსტიტუცია და 78-ე მუხლის მიზანი დაიცვას, ამ გადაწყვეტილებით, თავადაც უნდა უპასუხოს იმ ძალიან მნიშვნელოვან კითხვას და კიდევ ერთხელ, ძალიან მნიშვნელოვანი, ნდობის ტესტი ტესტი გაიაროს. სასწორის ერთ პინაზე ქვეყანაა, მეორე მხარეს კი რამდენიმე ადამიანი. ამიტომ, თქვენ გადაწყვიტეთ, ქვეყანაა უპირველესი, თუ ამ კანონის ავტორები, რომლებიც საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ მიდიან.

ამ სიტყვებით მიმართა ეკა ბესელიამ საკონსტიტუციო სასამართლოს იმ მოსამართლეებს, რომლებიც დღეს, რუსული კანონის წინააღმდეგ შეტანილ სარჩელებს განიხილავენ.