სატელეფონო საუბრისას გერმანიის კანცლერმა პუტინს უკრაინიდან ჯარის სრულად გაყვანისკენ მოუწოდა

გერმანიის კანცლერი, ოლაფ შოლცი ვლადიმერ პუტინს ტელეფონით საათნახევრის განმავლობაში ესაუბრა. ამის შესახებ ინფორმაციას გერმანიის მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს. პუტინს და შოლცს დიდი ხანია ტელეფონით აღარ უსაუბრიათ. მაისის შემდეგ ეს მათი პირველი სატელეფონო საუბარია. გერმანული სააგენტო  DPA–ს  ინფორმაციით, შოლცმა პუტინისგან დაჟინებით მოითხოვა უკრაინის კრიზისის დასრულება ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტის და უკრაინული ტერიტორიიდან რუსული ჯარის სრულად გაყვანის გზით.

სატელეფონო საუბრისას ასევე განიხილეს ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურისა და შავი ზღვის პორტებიდან უკრაინული ხორბლის ექსპორტის საკითხები.

„სამხედრო ვითარების სერიოზულობისა და უკრაინაში ომის შედეგების გათვალისწინებით, კანცლერმა მოუწოდა რუსეთის პრეზიდენტს, რაც შეიძლება მალე მოძებნოს დიპლომატიური გადაწყვეტა ცეცხლის შეწყვეტის, რუსული ჯარების სრული გაყვანისა და უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის პატივისცემის საფუძველზე“, – ნათქვამია გერმანული მხარის ინფორმაციაში.

კანცლერმა მოუწოდა რუსეთის პრეზიდენტს, მოეპყროს დატყვევებულ მებრძოლებს საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის დებულებების, კერძოდ, ჟენევის კონვენციების შესაბამისად და უზრუნველყოს წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის შეუფერხებელი წვდომა.

ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით, შოლცმა ქარხნის უსაფრთხოების უზრუნველყოფის აუცილებლობაზე ისაუბრა და მოუწოდა პუტინს, თავიდან აიცილონ ესკალაციის ნაბიჯები და დაუყოვნებლივ განახორციელონ ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ანგარიშით რეკომენდირებული ზომები.

სატელეფონო საუბრის შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს კრემლიც.

კრემლის პრესსასახურის ცნობით, რუსეთის პრეზიდენტმა გერმანიის კანცლერის ყურადღება მიაპყრო „კიევის მიერ საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის უხეშ დარღვევაზე”.

„კერძოდ, ვლადიმერ პუტინმა ფედერალური კანცლერის ყურადღება მიაპყრო უკრაინული მხარის მიერ საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის უხეშ დარღვევაზე, დონბასის ქალაქების განუწყვეტელ დაბომბვაზე, რის შედეგადაც მშვიდობიანი მოქალაქეები იხოცებიან და სამოქალაქო ინფრასტრუქტურა განზრახ ზიანდება” , – ნათქვამია მოხსენებაში.