გარდაცვლილი 23 წლის პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის დედის, თეონა თამაზაშვილის ინფორმაციით, ხვალ მათი ოჯახი სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენელს შეხვდება.
”სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენელმა წერილობით გამოითხოვა საქმის მასალები, ჩვენ მათ ხვალ შევხვდებით, საქმეში იქნებიან უშუალოდ ჩართულები და გაეცნობიან მასალებს. პირადად ჩემი მოთხოვნა იყო, რომ რადგან FBI-ს გამომძიებლების ჩართვა არ შეიძლება, იქნებ მათი ექსპერტები მაინც ჩაერთონ ამ ექსპერტიზის დასასრულებლად. ამ საკითხთან დაკავშირებით ბატონმა მიხეილმა ხვალ უნდა დააყენოს შუამდგომლობა და შემდეგ გაგვცემენ პასუხს”, – აღნიშნა თეონა თამაზაშვილმა.
როგორც თამაზაშვილმა აღნიშნა, პროკურატურაში განუცხადეს, რომ მანქანის გადასართველი კოლოფიდან ამოსული ქალის დნმ-ი მის დნმ-ს ემთხვეოდა, თუმცა ეს ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება, რადგან თამარის გაუჩინარებამდე ბოლო დღეს უკანა სავარძელში იჯდა.
,,სატელიტის კადრებზე გვითხრეს, რომ მოთხოვნა გაგზავნილი აქვთ, თუმცა ჯერჯერობით პასუხი არ არის. მანქანიდან ამოსულ დნმ-ზე გვითხრეს, რომ ჩემი დნმ-ი გადასართავ კოლოფზე ამოვიდა. მე კოლოფისთვის არასდროს არ მომიკიდებია ხელი, ბოლო დღეს ჩემმა მეზობლებმა თვითონ გაიხსენეს, რომ მე უკანა სავარძელზე ვიჯექი. თუ ოდესმე მომიკიდებია, იმდენჯერ შეეხებოდა თამუნა, რომ ეს დნმ-ი წაიშლებოდა. იმ მდედრობითი სქესის დნმ-ის გასაღება ჩემ დნმ-ად უნდათ, გაასაღონ”, – განაცხადა თეონა თამაზაშვილმა.