თბილისის დროით 14:02-ზე ზამთრის “მზებუდობა” დადგა. წელს მზის სისტემის ორმა ყველაზე დიდმა პლანეტამ, სატურნმა და იუპიტერმა იშვიათი პლანეტარული განლაგება მიიღეს, უფრო ახლოს აღმოჩნდნენ ერთმანეთთან, ვიდრე ბოლო 400 წლის განმავლობაში.აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ამ მოვლენამ სოციალურ ქსელში ქართველებს ვეფხისტყაოსანი გაახსენა. შოთა რუსთაველი მეტაფორულად გმირების შეხვედრას სწორედ ამ პლანეტების: სატურნისა და იუპიტერის შეხვედრას ადარებს. „…ამას ჰგვანდეს, ოდეს ერთგან მუშთარ, ზუალ შეიყარნეს“
“ახლა გადავამოწმე პროგრამა სტელარიუმში და 1226 წლის 4 მარტს, დილის შვიდის ნახევარზე სატურნი და იუპიტერი მართლაც ერმანეთზე ყოფილან გადაჭდობილნი, რაც „ვეფხისტყაოსანში“ ასე აისახა: „…ამას ჰგვანდეს, ოდეს ერთგან მუშთარ, ზუალ შეიყარნეს“ – და მუშთარი (იუპიტერი) მეტაფორულად აღნიშნავს ტარიელს, ზუალი (სატურნი) კი ნესტანდარეჯანს, ოდეს იგი ქაჯთაგან გაათავისუფლეს. …და, როგორც ჩანს, ეს მოვლენა „ვეფხისტყაოსნის“ ავტორმა საკუთარი თვალით იხილა…”- წერს ალექსანდრე ელდერაშვილი სოციალურ ქსელში.
XIII-ე საუკუნეში 1226წლის 4 მარტს იუპიტერი და სატურნი მართლაც შეერთდნენ, თუმცა ამ დროისთვის ვეფხისტყაოსანი უკვე დაწერილი უნდა ყოფილიყო.
ეს თავისთავად იშვიათი მოვლენა 2020 წელს განსაკუთრებული კიდევ ორი მიზეზით იქნება.
ძველ დროში ითვლებოდა, რომ მსგავსი ასტრონომიული მოვლენები ადამიანების ბედზე გავლენას ახდენდა. მათ ექსტრაორდინარული მოვლენების მაცნეებად თვლიდნენ, ხანდახან დამანგრეველი ხასიათის მოვლენებისაც.
ისტორიულ წყაროებში კარგად არის დოკუმენტირებული “ცეზარის პლანეტა“– გრძელკუდიანი კომეტა, რომელიც ცაზე ჩვენს წერთაღრიცხვამდე 44 წელს, იულიუს ცეზარის მკვლელობიდან რამდენიმე თვეში გამოჩნდა.
ძველრომაელმა ისტორიკოსმა პლინიუს უფროსმა დაწერა, რომ კომეტა იმდენად კაშკაშა იყო, დღისითაც კი ჩანდა და ბევრმა რომაელმა მისი გამოჩენა ცეზარის ღვთაებრიობის ნიშნად ჩათვალა.
ჯერ კიდევ 17–ე საუკუნეში გერმანელი ასტრონომი, იოჰან კეპლერი გამოთქვამდა მოსაზრებას, რომ მათეს სახარებაში ნახსენები ბეთლემის ვარსკვლავი, რომელმაც მოგვებს იესოს დაბადების ადგილისკენ გზა მიანიშნა, შესაძლოა სატურნის და იუპიტერის შერწყმა იყო.
ის ამ მოვლენას 1603 წელს აკვირდებოდა და გამოითვალა, რომ წინა მსგავსი შერწყმა ჩვენს წელთაღრიცხვამდე 7 წელს უნდა მომხდარიყო.
თუმცა, როგორც მეცნიერები თვლიან, ბეთლემის ვარსკვლავი შესაძლა კომეტა გალეა იყო, რომელიც პერიოდულად ბრუნდება და ასტრონომების გათვლებით დედამიწასთან იესო ქრისტეს დაბადების “ოფიციალურ თარიღამდე“ 5–10 წლით ადრე ჩაიარა.