თუ ეს [ხელისუფლების ცვლილების] ამოცანა გაქვს, ამ შემთხვევაში არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, 5%-ს აჩვენებს რეიტინგში, 6%-ს თუ 8%-ს, მნიშვნელობა აქვს იმას, რომ არჩევნებზე ანტირუსული, პროდასავლური ხმები არ წავიდეს ქართული ოცნებისკენ იმ სისტემის პირობებში, რა სისტემაც გვაქვს.

15%-იც რომ გქონდეს, შენ პასუხისმგებლობაა, როგორც დიდის და ძლიერის, რომ ვიღაცას 1%, 1.5%, 2% რომ აქვს, ის ხმები არ დაიკარგოს, ამიტომ, აქ საუბარია კონსოლიდაციაზე ძალებით, ტექნიკური ტიპის ერთობის შექმნაზე და არა მაინცდამაინც იდეოლოგიაზე. იდეოლოგიურ ერთობაზე რომ წავიდე, ვერ შევეკვრები ვერავის, იმდენად იდეოლოგიზირებული ხალხი ვართ.

თუ ამ ამოცანიდან ამოვდივართ, ეს კონსოლიდაცია გარდაუვალია, დაგვიანებულიც არის… მე და ელენემ შარშანწინ აპრილიდან დავიწყეთ შეხვედრები სხვადასხვა პარტიასთან და ამის ახსნა, ახლა ბევრად წინ ვართ წასული. გააზრება, რომ ასეთია სურათი, პოლიტიკურ პარტიებში უფრო მეტია, ვიდრე იყო.

მაგრამ ჯერჯერობით მაინც პარტიებს აქვთ ის “მოუდი”, რომ ჯერ საკუთარ ძალებს ცდიან… საბოლოო ჯამში, დადგება კონკრეტული რეალობა, გაზაფხული მგონია მეც, როცა დადგება კონკრეტული რეალობა, რომ ხო, იქნებიან პარტიები, რომლებსაც ექნებათ რაღაცა ტიპის რეიტინგები, ვიღაცა შეიძლება ლახავდეს არჩევნების რეიტინგს, ვიღაცა შეიძლება, ვერ ლახავდეს, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში, ყველას ექნება ეგ ამოცანა – რას აკეთებ? თქვენ რომ მოხვალთ, მკითხავთ – რისთვის იბრძვი, რომ გადალახო ბარიერი და პარლამენტში შეხვიდე თუ იმისთვის იბრძვი, რომ საბოლოო ჯამში ეს ხელისუფლება შეიცვალოს, თუ იმისთვის იბრძვი, რომ ეს ხელისუფლება შეიცვალოს, მაშინ სხვა ტიპის ქცევაა საჭირო, მაშინ ძალების კონსოლიდაციაა გარდაუვალი.

დაგვიანებული იმიტომ მგონია, რომ ალტერნატივის ჩვენება საზოგადოებისთვის, ისევე როგორც ჩვენი დასავლელი პარტნიორებისთვის, არის პრინციპული საკითხი. ადამიანებმა რომ დაგიჯერონ, რომ შენ შეგიძლია, მოიგო და მართლა რასაც ელაპარაკები, იმის გამკეთებელი ხარ, მაგისთვის მნიშვნელოვანია, აჩვენო, რომ მართლა გამკეთებელი ხარ ამის…

… ახლა რომ პარტიები დადიან და რაღაცებს პირდებიან, არ მინდა, რაღაც კონკრეტული დაპირებები ვახსენო, იმიტომ, რომ არ მინდა, ჩათვალონ, რომ მაინცდამაინც, ამ პარტიას ვებრძვი ან იმ პარტიას ვებრძვი, მაგრამ დაპირებებს რომ იძლევიან, რა დამაჯერებლობა აქვს მაგას? ჩემთან რომ მოდის და რომელიღაც პარტია მეუბნება – გპირდები, ამას გავაკეთებ, ამას გავაკეთებ, რანაირად გააკეთებ, იგებ?

აცხადებს გირჩი-მეტი თავისუფლების ლიდერი ზურა ჯაფარიძე.