საფრანგეთის რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებში მემარცხენე კოალიციამ გაიმარჯვა

საფრანგეთის რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებში მემარცხენე კოალიციამ გაიმარჯვა. ულტრამემარჯვენეები კი  მესამე ადგილზე გავიდნენ. მეორე ადგილზე პრეზიდენტ მაკრონის პარტიაა, თუმცა ვერცერთი პოლიტიკური ძალა საპარლამეტო უმრავლესობას დამოუკიდებლად ვერ აყალიბებს.

მემარცხენე პარტიების კოალიციამ – ახალი სახალხო ფრონტი გუშინ საფრანგეთის საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურში მოპოვებული შედეგებით საფრანგეთის ნაციონალურ ასამბლეაში 182 ადგილი მოიპოვა. ემანუელ მაკრონის ცენტრისტულმა კოალიციამ – “ერთად“ – მეორე ადგილი დაიკავა და 168 ადგილი მოიპოვა. მესამე ადგილზე გავიდა მარი ლეპენის და ჟორდან ბარდელას ულტრამემარჯვენე “ნაციონალური გაერთიანება“, რომელმაც საფრანგეთის საკანონმდებლო ორგანოში 143 მანდატი მიიღო.

ვერცერთმა პოლიტიკურმა ძალამ ვერ მოიპოვა 289 მანდატი, რომელიც 577 ადგილიან პარლამენტში უმრავლესობის ფორმირებისთვის არის საჭირო.

საფრანგეთის ქალაქების ქუჩებში ზეიმი გუშინ საღამოს, არჩევნების წინასწარი შედეგების გამოცხადებისთანავე  დაიწყო. პარიზში რესპუბლიკის მოედანზე ათასობით ადამიანი შეიკრიბა. ისინი ულტრამემარჯვენეების დამარცხებას ზეიმობდნენ.

თავიდან აქციები მშვიდობიანი იყო, თუმცა მოგვიანებით ძალადობაში გადაიზარდა. უცნობმა პირებმა ნაგვის ურნებს და ველოსიპედებს ცეცხლი მოუკიდეს და ავტობუსების გაჩერებებზე შუშები დაამტვრიეს.ძალადობრივ აქციებს არეულობა საფრანგეთის სხვადასხვა ქალაქებში მოჰყვა.

პრეზიდენტმა მაკრონმა რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები მას შემდეგ დანიშნა, რაც ივნისის დასაწყისში ევროპარლამენტის არჩევნებში ულტრამემარჯვენეებმა გაიმარჯვეს.

ულტრამემარჯვენეები პირველ ადგილზე გავიდნენ საფრანგეთის პარლამენტის რიგგარეშე არჩევნების პირველ ტურშიც და იმედი ჰქონდათ, რომ მეორე ტურშიც მაღალ შედეგს აჩვენებდნენ, თუმცა მეორე ტურის წინ მემარცხენეებმა და მაკრონის მომხრეებმა ძალისხმევა გააერთიანეს, რათა ულტრამემარჯვენეების გამარჯვება არ დაეშვათ. შედეგად, მარი ლეპენის პარტია მესამე ადგილზე აღმოჩნდა.

მაკრონის პარტიას ახლა სავარაუდოდ მემარცხენეებთან მოუწევს თანამშრომლობა მთავრობის ფორმირებისთვის. ახალი სახალხო ფრონტი კომუნისტური პარტიის, უკიდურესად მემარცხენე პარტია “უდრეკი საფრანგეთის“, მწვანეებისა და სოციალისტური პარტიისგან შედგება.

ფრანგი მემარცხენეების ერთ–ერთმა ლიდერმა, ჟან–ლუკ მელანშონმა ეგიტპოლების გამოცხადებისთანავე მოუწოდა პრეზიდენტ მაკრონს, ახალ სახალხო ფრონტთან ერთად მთავრობის ფორმირება დაიწყოს.

”დღეს საღამოს გაირკვა, რომ ნაციონალურ გაერთიანებას სულაც არ აქვს პარლამენტში უმრავლესობა, რომელსაც მას ერთი კვირის წინ უწინასწარმეტყველებდნენ. სინამდვილეში პირიქით მოხდა. ეს უდიდესი შვებაა ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების უმრავლესობისთვის.

ახლა ხალხის ნება მკაცრად უნდა დავიცვათ. ამიერიდან არანაირი ხრიკები, კულუარული გარიგებები და კომბინაციები არ უნდა იყოს.  გაკვეთილი, რომელიც კენჭისყრის შედეგებით ვისწავლეთ საბოლოო უნდა იყოს. პრეზიდენტის და მისი კოალიციის დამარცხება ნათელია. პრეზიდენტმა უნდა აღიაროს ეს დამარცხება და არ უნდა ეცადოს მას თავი აარიდოს. პრემიერ–მინისტრი უნდა წავიდეს.

პრეზიდენტს აქვს ძალაუფლება, პრეზიდენტმა უნდა მოიწვიოს ახალი სახალო ფრონტი მმართველობაში. ახალი სახალხო ფრონტი პატივს სცემს ხალხის მიერ მინიჭებულ მანდატებს ხმების რაოდენობის შესაბამისად, რომლებიც მისმა კანდიდატებმა მიიღეს. ჩვენ ჩვენს სიტყვას პატივს ვცემთ”. – თქვა ჟან–ლუკ მელანშონმა.

საფრანგეთის პრემიერ–მინისტრმა, გაბრიელ ატალმა პრეზიდენტ მაკრონს გადადგომის შესახებ თხოვნით დღეს უნდა მიმართოს. ამის შესახებ კვირას, განცხადების გაკეთებისას მან მიანიშნა, რომ მზად არის ჯერჯერობით  გააგრძელოს პრემიერის მოვალეობის შესრულება პოლიტიკური გაურკვევლობის ფონზე, რომელიც არჩევნების შემდეგ შეიქმნა.

ულტრამემარჯვენეების დამარცხებას საფრანგეთში გუშინ საღამოსვე გამოეხმაურნენ ევროპელი ლიდერები. პოლონეთის პრემიერმა, დონალდ ტუსკმა ტვიტერზე დაწერა, რომ ”არჩევნების შედეგებს პარიზში ენთუზიაზმი, მოსკოვში იმედგაცრუება, კიევში კი შვება მოჰყვა. ეს კი საკმარისია იმისთვის, რომ ვარშავაში ბედნიერება იგრძნონ”.