პოლონეთის შემდეგ, საფრანგეთის საელჩო საქართველოში განცხადებას აქვეყნებს, სადაც საფრანგეთის მოქალაქეებს მოუწოდებს საქართველოში მოგზაურობამდე შეისწავლონ ის ფაქტორები, რომლებიც მათ საქართველოს ტერიტორიაზე შესვლაზე უარის თქმის რისკის ქვეშ აყენებს, “მათ შორის საქართველოში გამართულ დემონსტრაციებში მონაწილეობა ან სოციალურ ქსელებში აქტივობა”.
“28 ნოემბრიდან თბილისსა და საქართველოს რამდენიმე ქალაქში ყოველდღიურად დემონსტრაციები იმართება, ზოგჯერ მასშტაბურიც. ეს დემონსტრაციები ხშირად იწვევს პოლიციის მხრიდან დაპატიმრებებსა და დაშლას, განსაკუთრებით პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე, თავისუფლების მოედანსა და რესპუბლიკის მოედანს შორის. ამ ღონისძიებებში მონაწილეობა შეიძლება დაისაჯოს მაღალი ჯარიმებით (თითო ჯარიმაზე 5000 ლარი ანუ 1600 ევროზე მეტი, რაც შეიძლება გაერთიანდეს რამდენიმე ჯარიმის შემთხვევაში). საქართველოში მყოფ საფრანგეთის მოქალაქეებს ვურჩევთ, თავი შეიკავონ შეკრებებში მონაწილეობისგან.
შეგახსენებთ, რომ პოლიციის მიერ შემოწმების შემთხვევაში, თითოეულმა პირმა უნდა შეძლოს საკუთარი ვინაობის დამტკიცება. საქართველოს ტერიტორიაზე შესვლაზე შეიძლება უარი ეთქვათ იმ პირებსაც კი, რომლებსაც აქვთ საქართველოში ბინადრობის ნებართვა.
მოგზაურებს მოვუწოდებთ, მოგზაურობამდე შეისწავლონ ის ფაქტორები, რომლებიც მათ საქართველოს ტერიტორიაზე შესვლაზე უარის თქმის რისკის ქვეშ აყენებს, მათ შორის საქართველოში გამართულ დემონსტრაციებში მონაწილეობა ან სოციალურ ქსელებში აქტივობა.
საქართველოში შესვლა შესაძლოა დამოკიდებული იყოს ასეთ დემონსტრაციებში სავარაუდო მონაწილეობისთვის დიდი ჯარიმების დაუყოვნებლივი გადახდაზე”. – ნათქვამია საქართველოში საფრანგეთის საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.