საფრანგეთის ყოფილ პრემიერს ცოლისთვის ბიუჯეტის თანხების გადახდის გამო პატიმრობა მიესაჯა

საფრანგეთის სასამართლომ ქვეყნის ყოფილი პრემიერ მინისტრი, ფრანსუა ფიიონი დამნაშავედ ცნო მისი ცოლისთვის 1 მილიონი დოლარის ბიუჯეტიდან გადახდაში “ყალბი სამსახურისთვის“.

ფიონს 5 წლიანი პატიმრობა მიესაჯა, საიდანაც შეუძლია 3 წელი თემში მოიხადოს. გარდა ამისა მას ჯარიმის სახით 375 000 ევრო უნდა გადაიხადოს, 10 წლის მანძილზე კი არჩევნებში მონაწილეობა ეკრძალება.

მისმა ცოლმა, პენელოპამ 3 წლიანი პირობითი სასჯელი და 375 000 ევროს ჯარიმა მიიღო, გარდა ამისა 2 წელი არჩევნებში მონაწილეობა ეკრძალება.

ადვოკატები განაჩენის გასაჩივრებას აპირებენ.

პროკურორები სასამართლოზე მიუთითებდნენ, რომ არ არსებობს ფაქტობრივი მტკიცებულებები, რომლებიც პრემიერის ცოლის მიერ სამუშაოს რეალურად შესრულებას დაადასტურებდა, მათ შორის არ არსებობს ანაზღაურებადი შვებულების ან დეკრეტული შვებულების დეკლარაცია. მისი ხელფასი ცხრაჯერ აღემატებოდა საფრანგეთში არსებულ მინიმალურ ხელფასს.

სასამართლოში საქმე მას შემდეგ მოხვდა, რაც სატირულმა ყოველკვირეულმა გამოცემამ Canard Enchainé–მა 2017 წელს გამოძიება გამოაქვეყნა.

გამოცემა დოკუმენტებზე დაყრდნობით ამტკიცებდა, რომ ფიიონის ცოლი, პენელოპა პარლამენტში მისი თანაშემწე იყო 15 წლის განმავლობაში, თუმცა არ არსებობს არანაირი მტკიცებულება, რომ ის რეალურად რამენაირ სამუშაოს ასრულებდა.

ამ საქმემ 2017 წელს ფიიონის საპრეზიდენტო კანდიდატურა დაასამარა, არადა მას გამარჯვებას უწინასწარმეტყველებდნენ. შედეგად გზა საპრეზიდენტო პოსტზე ემანუელ მაკრონს გაეხსნა.

ის არჩევნების მეორე ტურშიც კი ვერ გადავიდა.

66 წლის ფიიონი ამტკიცებდა, რომ მისმა ცოლმა ფული პატიოსანი შრომით გამოიმუშავა და არ არსებობს არანაირი ეჭვი მის მიერ შესრულებული სამუშაოს შესახებ.

სასამართლო განხილვის დროს მას იმის მტკიცებაც მოუწია, რომ 2005 და 2007 წლებში მისი ქალიშვილის – მარიას და ბიჭის – ჩარლზის თანაშემწედ აყვანა გამართლებული იყო. მისი შვილების მიერ აღებული ხელფასი 117 000 ევროს აღემატება.

2017 წლის მარტში მას ბრალი წაუყენეს “სახელმწიფო სახსრების გაფლანგვაში“ , “კორპორატიული საკუთრების ბოროტად გამოყენების დამალვასა და ხელშეწყობაში“, ასევე “ HATVP –ის (საფრანგეთის სახელმწიფო მოხელეთა გამჭვირვალობის უმაღლესი სამსახური) მიმართ ანგარიშვალდებულების მოთხოვნების დარღვევაში. “

ფიიონი საფრანგეთის პრემიერ მინისტრის პოსტს ნიკოლა სარკოზის მთავრობაში 2007–2012 წლებში იკავებდა.