საფრანგეთი პალესტინის სახელმწიფოს სექტემბერში აღიარებს

საფრანგეთი პალესტინის სახელმწიფოებრიობის აღიარებას აპირებს. ამის შესახებ ქვეყნის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ წერილში ადასტურებს.

“ახლო აღმოსავლეთში სამართლიანი და მდგრადი მშვიდობის ისტორიული ვალდებულების შესაბამისად, მე გადავწყვიტე, რომ საფრანგეთი პალესტინის სახელმწიფოს აღიარებს.

ამ საზეიმო განცხადებას გაეროს გენერალური ასამბლეის წინაშე მომავალ სექტემბერში გავაკეთებ.

დღეს გადაუდებელი პრიორიტეტია ღაზაში ომის დასრულება და მშვიდობიანი მოსახლეობისთვის შვების მოტანა.

მშვიდობა შესაძლებელია”, – წერს მაკრონი.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, მარკო რუბიო პალესტინის სახელმწიფოს აღიარებაზე საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის გადაწყვეტილებას უგუნურს უწოდებს.

“ამერიკის შეერთებული შტატები კატეგორიულად უარყოფს ემანუელ მაკრონის გეგმას, აღიაროს პალესტინის სახელმწიფო გაეროს გენერალურ ასამბლეაზე.

ეს უგუნური გადაწყვეტილება მხოლოდ ჰამასის პროპაგანდას ემსახურება და მშვიდობას აფერხებს. ეს 7 ოქტომბრის მსხვერპლთათვის სახეში გაწვნაა”, – წერს რუბიო X-ზე.