‘ძალიან სასიხარულოა, რომ პრეზიდენტ მაკრონის მიერ პანდემიასთან ბრძოლის საქმეში და 40-წლიანი, როგორც თავად ფრანგები უწოდებენ, უზადო და ღირსეული სამოქალაქო საქმიანობისთვის საპატიო ლეგიონის ორდენი გადაეცა თანამედროვეობის ერთ-ერთ ყველაზე დიდ მეცენატს და ჩვენი ქვეყნის ყოფილ პრემიერ-მინისტრს, ბიძინა ივანიშვილს. ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც ჩვენ პრეზიდენტ მაკრონის დეკრეტში ვკითხულობთ, რომ ამ ჯილდოს გადაცემა მოხდა საფრანგეთის ევროპულ და საგარეო საქმეთა მინისტრისა და საფრანგეთის პრემიერ-მინისტრის წარდგინებითა და ინიციატივით.
ეს ჯილდო, როგორც ვიცით, ნაპოლეონ ბონაპარტის მიერ იქნა შექმნილი და მას შემდეგ გადაეცემა კაცობრიობის განვითარებაში განსაკუთრებული წვლილისთვის როგორც სამოქალაქო, ასევე სამხედრო პირებს. ეს საქართველოსთვის დიდი აღიარება და გამარჯვებაა. პირველ რიგში, მინდა, მივულოცო ეს ჯილდო საქართველოს, ასევე ბიძინა ივანიშვილს და მის ოჯახს, რომელმაც როგორც საქართველოს, ისევე მსოფლიოს განვითარებაში ძალიან დიდი წვლილი შეიტანა და ეს წვლილი დღეს საფრანგეთის სახელმწიფომ ღირსეულად დააფასა”,– ამბობს წულუკიანი.