საფრანგეთმა Covid19-თან მებრძოლ იმიგრანტებს მოქალაქეობა დაჩქარებული წესით მიანიჭა

ასობით იმიგრანტმა, რომლებიც საფრანგეთში კორონავირუსთან ბრძოლის წინა ხაზე მუშაობდნენ ჯილდოდ ქვეყნის მოქალაქეობის დაჩქარებული წესით გადაცემა მიიღო.

საფრანგეთის შს მინისტრმა იმიგრანტებს, რომლებიც კოვიდ19–თან ბრძოლაში მონაწილეობდნენ შესთავაზა განცხადება შეიტანონ დაჩქარებულ ნატურალიზაციაზე.

უკვე 700–მა ადამიანმა მიიღო მოქალაქეობა დაჩქარებული წესით ან მისი მიღების ბოლო სტადიაზე არიან. მათ რიცხვში შედიან ჯანდაცვის სფეროს მუშაკები, მაღაზიების თანამშრომლები, დამლაგებლები.მოქალაქეობის დაჩქარებული წესით მიღების ინიციატივის შესახებ პირველად სექტემბერში გამოცხადდა.  ამ დროისთვის განაცხადი სულ 2890 ადამიანს აქვს შეტანილი.

მთელ მსოფლიოში ფრონტის წინა ხაზზე მომუშავე ადამიანები დაინფიცირების მაღალი რისკის პირობებში არიან, ბევრი მათგანი კორონავირუსით იღუპება, მათ შორის ექიმები და ექთნები.

საფრანგეთი კორონავირუსით ყველაზე მეტად დაზარალებულ ათ ქვეყანას შორის შედის 2.5 მილიონი დაინფიცირებულით და 62 000 გარდაცვლილით.

“მედიცინის მუშაკები, დამლაგებლები, ძიძები, მომსახურე პერსონალი – ყველა მათგანმა ნაციისადმი საკუთარი ერთგულება დაამტკიცა და ახლა რესპუბლიკის დრო დადგა, მათ სამაგიერო გადაუხადოს“– განაცხადა მოქალაქეობის საკითხთა უმცროსმა მინისტრმა, მარლენ სკიაპამ.

როგორც წესი, მოქალაქეობის მიღების მსურველი საფრანგეთში მინიმუმ 5 წელი უნდა ცხოვრობდეს, ქონდეს სტაბილური შემოსავალი და აჩვენოს ფრანგულ საზოგადოებაში ინტეგრაციის მაღალი ხარისხი.

თუმცა, ხელისუფლება აცხადებს, რომ კოვიდთან წარმატებით მებრძოლებისთვის საფრანგეთში მხოლოდ 2 წლიანი ცხოვრება საკმარისია, რათა მოქალაქეობა მიიღონ მადლიერების ნიშნად მათ მიერ გაწეული ღვაწლის გამო.

2017 წელს იმიგრანტების რაოდენობამ საფრანგეთში 6.4 მილონი შეადგინა, მათ შორის დიდი რაოდენობით არიან ყოფილი კოლონიების მაცხოვრებლები, განსაკუთრებით ჩრდილოეთ და დასავლეთ აფრიკიდან. თუმცა, მოქალაქეობის მიღება რთული და ნელი პროცესია. იმ პირთა რაოდენობა, ვინც ნატურალიზაციას იღებენ 2019 წელს წინა წელთან შედარებით 10%–ით შემცირდა.

ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა საფრანგეთი უცხო ქვეყნის წარმომადგენელს საკუთარი მოქალაქეობით აჯილდოებს.

2018 წელს მალაიელმა მამაკაცმა, მამუდუ ჰასამამ საფრანგეთის მოქალაქეობა მას შემდეგ მიიღო, რაც პატარა ბიჭი ცეცხლმოდებული სახლიდან გადაარჩინა. მას “ადამიანი ობობა“ შეარქვეს.