საფრანგეთში კარანტინი შეამსუბუქეს. რა ხდება ევროპაში

საფრანგეთის პრემიერ მინისტრმა, ედუარდ ფილიპმა ხუთშაბათს კარანტინის ზომების შემსუბუქების შესახებ განაცხადა, რაც მომავალი ორშაბათიდან დაიწყება. შეზღუდვები თანდათანობით გაუქმდება. რეგიონები, სადაც ეპიდემიის მეორე ტალღის აფეთქების რისკი რჩება, მთავრობის გეგმაში მონიშნულია როგორც წითელი ზონები. ამ ზონებში მკაცრი ზომები ძალაში რჩება. ეს არის ძირითადად ქვეყნის ჩრდილო აღმოსავლეთი ნაწილი, სადაც მსხვილი ქალაქები, მათ შორის პარიზი, სტრასბურგი, ლილი  მდებარეობს. წითელი რეგიონების რიცხვშია ასევე ბურგუნდია–ფრანშ–კონტე, მაიოტის ზღვისპირა ტერიტორია მადაგასკარის სიახლოვეს.

წითელ ზონებში კიდევ დიდხანს არ გაიხსნება სკოლები და დაკეტილი დარჩება პარკები. მწვანე ზონებში კი სკოლები, კაფეები და რესტორნები უკვე ივნისიდან ამუშავდება, თუმცა შეზღუდვების მოხსნის შემდეგაც კი ფრანგები, რომლებიც საკუთარი სახლიდან ას კილომეტზე მეტი მანძილით დააპირებენ დაშორებას,  ვალდებულნი იქნებიან სპეციალური დოკუმენტი წარადგინონ.

ამ კვირას კარანტინის რეჟიმი შეამსუბუქა ევროპის ქვეყნების უმრავლესობამ: იტალიაში კვირის დასაწყისში სამსახურებში დაბრუნდა დაახლოებით 3 მილიონი ადამიანი. ესპანეთში და ავსტრიაში კარანტინი ნაწილობრივ გასული კვირის ბოლოს შეამსუბუქეს. გერმანიაში კი მაღაზიების დიდი ნაწილი გახსნეს და გადაწყვიტეს ფეხბურთი აღადგინონ.

როგორც ხუთშაბათს გახდა ცნობილი, გერმანიის ბუნდესლიგის სეზონი, რომელიც ორი თვის წინ შეჩერდა 16 მაისს განახლდება. ის პირველი ევროპული საფეხბურთო ლიგა იქნება, რომელიც კორონავირუსის ეპიდემიის გამო შეწყვეტილ მატჩებს განაახლებს.

გერმანიის კოხის ინსტიტუტის ვიცე პრეზიდენტმა, ლარს შაადემ მოსახლეობა მეორე ტალღის შესაძლებლობის შესახებ  გააფრთხილა. მისი თქმით დაავადებულთა რაოდენობა მცირდება, თუმცა ეს ცალსახა სიგნალი არ არის.