საფრანგეთმა მუშაობის უფლება შეუჩერა დაახლოებით 3 000 ადამიანს, რომლებიც ჯანდაცვის სფეროში იყვნენ დასაქმებულები. საავადმყოფოების, მოხუცებულთა სახლების და ჯანდაცვის სხვა ცენტრების თანამშრომელთა ეს ნაწილი კოვიდ-19-ზე სავალდებულო ვაქცინაციის განკარგულებას არ დაემორჩილა. განცხადება დღეს საფრანგეთის მთავრობამ გაავრცელა.
ევროპაში პანდემიის შეკავების პრობლემებმა თავიდან იჩინა თავი მას შემდეგ, რაც იქ კორონავირუსის დელტა ვარიანტმა ინფიცირების მონაცემების მკვეთრი ზრდა გამოიწვია. იტალია დღეს გეგმავს გამოაცხადოს, რომ კოვიდ-19-ზე აცრის დამადასტურებელი მოწმობა – ე.წ. “მწვანე საშვი” – ან ტესტზე უარყოფითი პასუხი სავალდებულო გახდება ნებისმიერი დარგის თანამშრომლისთვის. ეს ყველაზე მკვეთრი ნაბიჯია ევროპის სხვა ქვეყნებში მიღებულ ზომებთან შედარებით.
ნიდერლანდებიც იტალიის მსგავს ზომებს იღებს, ოღონდ – მხოლოდ ბარებში და კლუბებში შესვლის მსურველებისთვის. ბრიტანეთი საფრანგეთივით გეგმავს, რომ ვაქცინაცია სავალდებულო გახადოს ჯანდაცვის მუშაკებისთვის.
საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა აღნიშნული გადაწყვეტილება ივლისის შუა რიცხვებში მიიღო. რესტორნებში, სპორტულ დარბაზებში, მუზეუმებში თუ სხვა საჯარო ადგილებში შესასვლელად მან კოვიდ-19-ზე აცრის მოწმობა მოითხოვა. ამ ნაბიჯმა ქვეყანაში ვაქცინაციის ტემპები რეკორდულად გაზარდა.
წყარო: ამერიკის ხმა