საფრანგეთის ხაზინამ სამი რუსი ბიზნესმენის – ოლეგ დერიპასკას, კირილ შამალოვის და მუსა ბაჟაევის 3 ვილა დააპატიმრა, რომლებიც ქვეყნის სამხრეთით მდებარეობენ. ამის შესახებ BFM TV ავრცელებს ინფორმაციას.
ვილა, რომელსაც ჟურნალისტები აღწერენ, როგორც “ძალიან დიდს“, მილიარდერს, რუსული ალუმინის გიგანტის, “რუსალის“ დამფძნებელს, ოლეგ დერიპასკას ეკუთვნის და ის განლაგებულია სენ–ტროპეს მუნიციპალიტეტთან. ბიზნესმენმა ის 2005 წელს შეიძინა.
მეორე ვილა პრეზიდენტ პუტინის ყოფილ სიძეს, 32 წლის ბიზნესმენს, კირილ შამალოვს ეკუთვნის და ის ბიარიცში მდებარეობს. ის მფლობელმა 2012 წელს შეიძინა. ტელეარხი აღნიშნავს, რომ შამალოვი პუტინის უმცროსი ქალიშვილის, ეკატერინე წიხონოვას ყოფილი ქმარია. ის ასევე არის ნიკოლაი შამალოვის შვილი, რომელიც ცნობილია, როგორც “პუტინის პირადი ბანკირი.“
საფრანგეთის ხელისუფლების მიერ დაპატიმრებული მესამე ვილა ლაჟვარდოვან სანაპიროზე მდებარეობს და ჩეჩენმა ბიზნესმენმა, მუსა ბაჟაევმა ის 2000–იან წლებში შეიძინა. სახლს ტრიანონი ქვია, რადგან ვერსალთან მდებარე სასახლის ასლია. ბაჟაევი ენერგეტიკული ჯგუფის, Alliance–ის ხელმძღვანელია და ფორბსის ვერსიით რუსეთის უმდიდრესი ადამიანების სიაში 139–ე ადგილზეა.