„პარლამენტის წინა ტერიტორიაზე ვიჯექი, ხელში მობილური ტელეფონი მეჭირა, ჩემ მეგობარს ვესაუბრებოდი, რა დროსაც, 10-ზე მეტი პოლიციელი პირდაპირი მნიშვნელობით, თავს დამესხა დამჯდარს. ბუნებრივია, არანაირ საფრთხეს არ წარმოვადგენდი, გამიტაცეს, მანქანაში ჩამსვეს, ხელბორკილები დამადეს, მითხრეს, რომ დაკავებული ვიყავი. არავინ მითხრა რატომ ვიყავი დაკავებული, ან რა დავარღვიე. ისანი-ავლაბრის ტერიტორიაზე პოლიციელებს ვიღაცამ დაურეკა და მითხრეს, რომ დაკავებული კი არა, განრიდებული ხართო. ბორკილები მადევს, როგორ ვარ განრიდებული-მეთქი, უი, ბოდიშიო და ბორკილები მომხსნეს. მუდმივად ვითხოვდი განმარტებას, რატომ არ დამარეკინეს ტელეფონზე, შემომთავაზეს „სპიკერით“ და ჩვენი ტელეფონით დაგარეკინებთო, რაზეც ბუნებრივია, უარი განვაცხადე. საბოლოო ჯამში, ისევ თავისუფლების მოედანზე დავბრუნდით, მეგონა, რომ მიშვებდნენ, ვიღაცები შავი „შკოდებით“ მოვიდნენ, ილაპარაკეს და ბოლოს თქვეს, არა, დაკავებული ხარო, ხელმეორედ დამადეს ბორკილები, სამინისტროს შენობაში წამიყვანეს, დამიწერეს, ოქმი, რომ ვაგინებდი და ფიზიკურ შეურაცხყოფას ვაყენებდი, ამის შემდეგ ხელწერილი დამაწერინეს, რომ სასამართლოში გამოვცხადდები და გამომიშვეს. ეს რომ ვთქვი, ვიღაცებს ეგონათ, ვაღიარე და ვითანამშრომლე – არა, ხელწერილი დავწერე იმასთან დაკავშირებით, რომ სასამართლოში დაბარებისას იქ გამოვცხადდები.

ადვოკატი, რომც არ ვყოფილიყავი, არავის დაკავების უფლება იქ არ ჰქონიათ. დაგეგმილი აქციაც არ იყო, ეს არ იყო საპროტესტო აქცია, სადაც მივედი. როცა მე და ჩემი მეუღლე იქ მივედით, არავინ იყო, პარლამენტის წინ ვისხედით, მერე მოვიდნენ სტუდენტები. ვისხედით და პლაკატები ფეხებთან გველაგა, ეს იყო ჩვენი „დანაშაული“. ამიტომ, იქ ადვოკატი იქნებოდა, თუ მოქალაქე, ყველანაირი პროფესიული კუთვნილების გარეშე, მნიშვნელობა არ ჰქონდა, არავინ არ უნდა დაეჭირათ, არავითარი კანონი არ დარღვეულა. გულწრფელად გული დამწყდა, პოლიციელები ამ მთავრობის მონებად როგორ აქციეს. პროცესზე უნდა მოიყვანონ და ალაპარაკონ ტყუილები, რომ ვაგინე და სიტყვიერი, ფიზიკური შეურაცხყოფა მივაყენე, ალბათ, აღმოჩნდება, რომ კამერების ჩანაწერებიც წაშლილია. მიუხედავად იმისა, რომ ჩემი პრობლემები მაქვს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან და ვფიქრობ, ძირეული ცვლილებებია საჭირო, ძალიან დიდ პატივს ვცემ ყველა პოლიციელს, ბევრი ახლობელი მყავს. ისინი ჩვენი მეზობლები, მეგობრები, ოჯახის წევრები არიან და მათ ჩვენი მთავრობა მონებად, ზონდერებად ამუშავებს, იციან რომ უკანონო ბრძანებებს ასრულებენ, იძულებული არიან, შეასრულონ“,

ამის შესახეადვოკატმა შოთა თუთბერიძემ განაცხადა, რომელიც 2 ივნისს, პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე ბანერის გამო დააკავეს.