“საფრთხე ძალიან მაღალია“–ვიოლა ვონ კრამონი რუსების საქართველოში მასობრივ შემოსვლაზე

რუსეთში ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ, მოსახლეობამ ქვეყნის დატოვება დაიწყო. საქართველო ერთ-ერთი ყველაზე პოპულაური ადგილია, რუსეთის მოქალაქეებისთვის, რასაც ქართველების ნაწილი აპროტესტებს და ამაში ეროვნულ საფრთხეს ხედავს.

მართლაც არსებობს თუ არა საფრთხე საქართველოსთვის რუსეთიდან მოსახლეობის მასობრივი შესვლის გამო, მოიტანს თუ არა ვლადიმირ პუტინის ეს უკანასკნელი გადაწყვეტილება ცვლილებებს თავად რუსეთში და რას ფიქრობს დასავლეთი საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებებზე. ამ თემებზე “ამერიკის ხმას” ინტერვიუ ევროპარლამენტარმა, ვიოლა ვონ კრამონმა მისცა.

“პირველ რიგში, ვიმედოვნებ, რომ ეს ცვლილებებს მოიტანს არა მხოლოდ რუსეთში, არამედ რუსეთის აგრესიაშიც უკრაინის წინააღმდეგ. ვიმედოვნებ, რომ ეს გადაწყვეტილება, თითქოს ნაწილობრივი, თუმცა რეალურად სრული სამხედრო მობილიზაციის შესახებ, (ეს სინამდვილეში მხოლოდ რიტორიკის საკითხია, გააჩნია, როგორ გამოაცხადებ) იქნება მისი რეჟიმის, მისი თანამდებობაზე ყოფნის დასასრული.

ვხედავთ, რომ ხალხი ქვეყანას, განსაკუთრებით ახალგაზრდა კაცები 18 წლიდან ზევით, წარმოუდგენელი რაოდენობით ტოვებენ. თუ არ ვცდები, პირველი ორი დღის განმავლობაში 260,000-მა ახალგაზრდა მამაკაცმა დატოვა ქვეყანა. ისინი საქართველოს საზღვართან არიან მოგროვილნი. ვნახეთ, რომ ფრენები სტამბოლის, სომხეთის, ბელგრადისა და სხვა ქალაქების მიმართულებით, სრულადაა გაყიდული. იგივე ხდება რუსეთ-ფინეთის საზღვრებთანაც. რა თქმა უნდა, ამან ხალხი გამოაღვიძა.

შეცვლის თუ არა ეს სიტუაციას რუსეთში? ასე ვიფიქრებდი, რადგან ამ ხალხს [ქვეყნის დატოვების მსურველებს] შორის ბევრია, ვისაც კარგი სამსახური აქვს, ისინი პროფესიონალები არიან. ჩვენ არ ვსაუბრობთ უმუშევარ, შემთხვევით ხალხზე. ესენი არიან კომპიუტერული სფეროს წარმომადგენლები, ინჟინრები, ხალხი, ვინც რუსეთის ეკონომიკისთვის, საზოგადოებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია. ჩვენ ვსაუბრობთ ექიმებზე, წამყვან მენეჯერებზე და ა.შ

ვფიქრობ ევროკავშირის სანქციები, ლიდერშფის, მენეჯმენტის და ძირითადი სექტორების, ქვეყნიდან გადინება, ისევე როგორც პროტესტები რუსეთში, რომელსაც გასული დღეების განმავლობაში ვაკვირდებოდით დაღესტანში, ბაშკირეთში, ირკუტსკში და ა.შ ნამდვილად შეცვლის სიტუაციას [რუსეთში]. პროტესტს განსაკუთრებით აქტიურად გამოხატავენ ქალები, რომლებიც კითხულობენ სად არიან მათი ბაბუები, შვილები, ძმები, ქმრები… ვფიქრობ, პუტინისთვის განსაკუთრებულად ძნელი იქნება ასეთ პოლიტიკურ გარემოში გადარჩენა.“– ამბობს კრამონი.

კითხვაზე, რა საფრთხეებს შეიცავს საქართველოში რუსეთის მოქალაქეების მასობრივი შემოსვლა, ევროპარლამენტარი პასუხობს, რომ საფრთხეები ძალიან მაღალია:

“ის, რომ ისინი ყველანი დისიდენტები არ არიან, კითხვის ნიშნის ქვეშაც არ დგას, ისინი ყველანი პოლიტიკური ოპოზიციის წარმომადგენლები, ან ის ხალხი არ არის, ვინც იძულებული გახდა, რომ წასულიყო.

ისინი შეიძლება იყვნენ ოპორტუნისტები, ხალხი, ვინც კმაყოფილი იყო [პუტინის] რეჟიმით, ვინც სარგებელს იღებდა ამ რეჟიმისგან, ან ვინც ამ რეჟიმისთვის მუშაობდა და რა თქმა უნდა, ძალიან დიდია ალბათობა იმისა, რომ მათ შორის ძალიან ბევრი “ეფ-ეს-ბეს” აგენტი იყოს.

ახლა ევროპაში განვიხილავთ იმას, თუ როგორ ავიცილოთ ერთი მხრივ, ევროპაში, თუ საქართველოში შესვლაზე უარის თქმა, თუმცა, მეორე მხრივ, როგორ შევამოწმოთ ისინი რეალურად უსაფრთხოების მხრივ იქამდე, ვიდრე მათ ჩვენს ქვეყნებში შემოვუშვებთ. იქამდე, ვიდრე ისინი ჩვენს პოლიტიკურ წრეებში, თუ ჩვენს დედაქალაქებსა და ქალაქებში შემოაღწევდნენ.

დარწმუნებული ვარ, რომ “ეფ-ეს-ბეს” უკვე გათვალისწინებული აქვს მეტი მოქმედება ჰიბრიდული ომის მიმართულებით, სხვადასხვა ტიპის კიბერ-შეტევებისა და ეთნიკური, თუ რელიგიური კონფლიქტების შექმნის გზით. ამის საშიშროება, განსაკუთრებით საქართველოშია, სადაც რუსული მოსახლეობის საკმაოდ დიდი ნაწილი უკვე ჩავიდა მობილიზაციის გამოცხადებამდეც.

ვფიქრობ, რთული იქნება საქართველოს მთავრობისთვის იმის ახსნა, თუ როგორ გაუმკლავდეს რუსებს. როგორც ვთქვი, ვფიქრობ, რომ უნდა დავიცვათ ისინი, ვისაც თავშესაფარი სჭირდება, მაგრამ საზღვრის უბრალოდ ყველასთვის გახსნამ შესაძლოა, უსაფრთხოების უდიდესი რისკები გამოიწვიოს.“– ამბობს კრამონი.

წყარო: ამერიკის ხმა