საქალაქო სასამართლომ ნიკა მელიას პატიმრობა შეუფარდა. მოსამართლე ნინო ჩახნაშვილმა პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და გირაო პატიმრობით შეცვალა.
საქართველოს პროკურატურამ 5 თებერვალს ნიკა მელიას გირაოს, 40 000 ლარის გადასახდელად ერთკვირიანი ვადა მისცა. მელიამ გირაო არ გადაიხადა, რის შემდეგაც პროკურატურამ მისთვის იმუნიტეტის მოხსნის მოთხოვნით მიმართა. საკანონმდებლო ორგანომ მოთხოვნა დააკმაყოფილა.
პროკურატურამ ნიკა მელიასთვის გირაოს გაზრდის შესახებ გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც ენმ-ის თავმჯდომარემ პარლამენტთან გამართული აქციის დროს ელექტრონული სამაჯური მოიხსნა და გადააგდო. აქციაზე 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს აპროტესტებდნენ.
20 ივნისის საქმეზე ნიკა მელიას ბრალი 25 ივნისს წარუდგინეს. მას აღკვეთის ღონისძიებად 25 000-ლარიანი გირაო შეეფარდა და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას საჯარო განცხადებების გაკეთება აეკრძალა. ნიკა მელიას ელექტრონული სამაჯური გაუკეთეს და პროკურატურის ნებართვის გარეშე საცხოვრებელი ადგილის დატოვება შეუზღუდეს.