საქართველომ აშშ-ს FBI-ის მიერ ძებნილი რუსეთის მოქალაქე გადასცა – პროკურატურა

საქართველოდან ამერიკის შეერთებულ შტატებში, აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიუროს (FBI) მიერ ძებნილი პირის ექსტრადიცია განხორციელდა. ინფორმაციას ამის შესახებ, საქართველოს გენერალური პროკურატურა ავრცელებს.

“ძებნილი პირი, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა 2022 წლის 22 ოქტომბერს ქობულეთში დააკავეს. საქართველოს გენერალური პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, ბრალდებულის აშშ-ში ექსტრადიცია თბილისის საქალაქო სასამართლომ დასაშვებად ცნო, რის შემდგომაც რუსეთის ფედერაციის მოქალაქე აშშ-ს კომპეტენტური ორგანოების წარმომადგენლებს გადაეცა.

აღსანიშნავია, რომ ძებნილი პირის ექსტრადიციას აშშ-ს იუსტიციის დეპარტამენტი გამოეხმაურა, რომელმაც ხაზი გაუსვა საქართველოს პროკურატურის, შინაგან საქმეთა სამინისტროს და იუსტიციის სამინისტროს მხრიდან წარმატებულ და ნაყოფიერ თანამშრომლობას.

საქართველოს პროკურატურა გამოხატავს მზადყოფნას, ძებნილი პირების მართლმსაჯულების წინაშე წარდგენის მიზნით, აშშ-ს კომპეტენტურ ორგანოებთან მომავალშიც წარმატებით ითანამშრომლოს” – წერია განცხდებაში.