საქართველომ ევროკავშირის კითხვარის მეორე ნაწილზე მუშაობა დაასრულა – როდის გადაეცემა ევროკომისიას

ევროკავშირის კითხვარის მეორე ნაწილზეც დაასრულა მუშაობა და ის ევროკომისიას 10 მაისს გადაეცემა. ამის შესახებ ინფორმაციას, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ლია დარჩიაშვილი ავრცელებს.

“გვსურს, საზოგადოებას ვაცნობოთ, რომ საქართველომ ევროკავშირის კითხვარის მეორე ნაწილზეც დაასრულა მუშაობა. აღნიშნული დოკუმენტი მხოლოდ და მხოლოდ ტექნიკურ ნაწილში საჭიროებს მომზადებას და ჩვენ ვგეგმავთ, რომ 10 მაისისთვის საქართველომ ევროკომისიას კითხვარის ბოლო ნაწილი გადასცეს. როგორც იცით, კითხვარის მეორე ნაწილი უფრო მეტად ტექნიკური და სექტორული ხასიათის იყო, რომლის მომზადებისთვისაც საკმაოდ დიდი ძალისხმევა გავწიეთ”. – ამბობს დარჩიაშვილი.

საქართველომ ევროკავშირში გაწევრიანებაზე განაცხადი, მოლდოვასთან ერთად 3 მარტს გააკეთა.  ევროკავშირში წევრობის განაცხადთან დაკავშირებული კითხვარი  საქართველოსა და მოლდოვას 11 აპრილს გადაეცა.

კანდიდატის სტატუსის შეფასების კითხვარი  წარმოადგენს ევროკომისიის ოფიციალურ დოკუმენტს, რომლითაც ხდება, კანდიდატის სტატუსის შეფასება. კითხვარზე აპლიკანტი სახელმწიფოსგან მიღებული პასუხების შემდეგ ევროკომისია ამზადებს ანგარიშს და იძლევა რეკომენდაციას კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით.

ზოგადად, კითხვარის შევსების და კანდიდატის სტატუსის მინიჭების პროცედურა წლები გრძელდება, მაგრამ პროცესი რუსეთ-უკრაინის ომმა დააჩქარა. ევროკომისიის შეფასება, სავარაუდოდ, ივნისში იქნება მზად.