”საქართველომ უნდა შეწყვიტოს ნებისმიერი თანამშრომლობა ლუკაშენკოსთან” – ამის შესახებ, ბელარუსმა ოპოზიციონერმა, სვეტლნა ტიხანოვსკაიას უფროსმა მრჩეველმა ფრანაკ ვიაჩორკამ ”ფორმულასთან” განაცხადა. ვიაჩორკა გმობს ბელარუსის პრეზიდენტის, ალექსანდრ ლუკაშენკოს შეხვედრას ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ პრეზიდენტთან, ასლან ბჟანიასთან და აცხადებს, რომ ამაზე საქართველოს რეაგირება უნდა ჰქონდეს.
“ეს არის თავდასხმა, გარკვეულწილად ლუკაშენკოს გამოწვევა საქართველოს. ეს არ უნდა მომხდარიყო. ბელარუსი არ აღიარებს აფხაზეთის დამოუკიდებლობას. ლუკაშენკომ ეს გააკეთა იმიტომ, რომ ეჩვენებინა ლოიალურობა პუტინის მიმართ. ასევე, უნდოდა იმის ჩვენება, რომ თითქოს ის ისევე ლეგიტიმურია და რომ ხვდება სხვა ლიდერებს. ევროპაში არავის სურს მასთან შეხვედრა, ამიტომ ის ე.წ ლიდერებს ხვდება. ის ეძებს მოკავშირეებს, მას სჭირდება მეგობრები. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ თბილისი და საქართველოს ხელისუფლება სასწრაფოდ და მტკიცედ იმოქმედებს. ეს არის ნაბიჯები, რომელთა იგნორირება დაუშვებელია. ლუკაშენკო არღვევს საერთაშორისო წესებს, მან ღიად აჩვენა, რომ არ აინტერესებს საქართველო, საქართველოს მთლიანობა, საქართველოს ეროვნული ინტერესები. ვფიქრობ, საქართველომ უნდა შეწყვიტოს ნებისმიერი თანამშრომლობა ლუკაშენკოსთან, უნდა შეწყვიტოს დიპლომატიური ყოფნა მინსკში. უნდა დაიწყოს მუშაობა დემოკრატიულ ძალებთან, რომლებიც წარმოადგენენ ბელარუს ხალხს. გაუგებარია, რატომ აწარმოებს თბილისი ამ პოლიტიკას მინსკის მიმართ. მანამდე, სანამ ლუკაშენკო აფხაზეთში ჩავიდოდა, ეს ჩანდა, როგორც აღიარების პრევენცია, მაგრამ ის უკვე ჩავიდა აფხაზეთში, დაპატიჟა მინსკში და ღიად დაარღვია საქართველოს მთლიანობა. ვფიქრობ, სწორი დროა, შეწყდეს ლუკაშენკოს აღიარების პოლიტიკა და ყველას აჩვენოთ, რომ ეს მისაღები არაა”- განაცხადა ვიაჩორკამ.