დიდი სამხედრო ძალა პატარა მეზობლის ტერიტორიაზე შეიჭრა და მის ოკუპაციას დღემდე აგრძელებს. ასე აფასებს ნატოს ჯარების ყოფილი მთავრსარდალი გენერალი (გადამდგარი) ფილიპ ბრიდლოვი აგვისტოს ომს. ამჟამად ის ახლო აღმოსავლეთის ინსტიტუტის ევროპის ინიციატივის თავმჯდომარეა.
ის რუსეთის მიერ, ეგრეთწოდებული, „ჯიბის ვეტოს“ გამოყენებაზე საუბრობს და ამბობს, რომ საქართველოში შეჭრით, კრემლმა ქვეყნის დასავლეთში ინტეგრაციის შეჩერება სცადა.
საქართველოს შეიარაღებულ ძალებზე საუბრისას კი ის ამბობს, რომ ქვეყანამ ყველაფერი გააკეთა, რაც დასავლეთმა მას სთხოვა და ნატოს ავღანეთის მისიისთვის იმდენი არავის გაუღია, რამდენიც საქართველომ. გენერალი აცხადებს, რომ საქართველომ ყველა მოლოდინს გადააჭარბა და ის ალიანსის წევრობისთვის უკვე დიდი ხანია მზადაა. გენერალ ბრიდლოვს „ამერიკის ხმის“ ჟურნალისტი ია მეურმიშვილი ესაუბრა.
გენერალო დიდი მადლობა ჩვენთვის დრო რომ გამონახეთ.
მიხარია თქვენი ისევ ნახვა. ჩემს ქართველ მეგობრებზე ყოველთვის სიამოვნებით ვსაუბრობ.
ეს კვირა ძალიან მნიშვნელოვანი და სამწუხარო კვირაა საქართველოსთვის, რეგიონისთვის და მთელი მსოფლიოსთვის. 12 წლის წინ რუსეთი საქართველოში შეიჭრა, ცხინვალის რეგიონი და აფხაზეთი დამოუკიდებელ ქვეყნებად გამოაცხადა და იქ საკუთარი ბაზები განალაგა. რუსეთი დღემდე აგრძელებს საქართველოს ტერიტორიის ოკუპაციას. თქვენი აზრით, დაიწყო თუ არა რაიმე პროცესი ამ ომით რუსეთმა?
მოდით დიდ გეოპოლიტიკურ სურათზე ვიფიქროთ. ჩვენ ჯერ ისევ ცივი ომის შემდგომ პერიოდში ვიყავით და დასავლეთმა დათვთან ჩახუტება სცადა. მე ამას რბილად ვამბობ და დასავლეთში ბევრს ამის მოსმენა არ მოსწონს . ჩვენ ვცდილობდით რუსეთი მოგვეზიდა იმისთვის, რომ ის დასავლეთის ნაწილი ყოფილიყო, დასავლური ღირებულებები გაეზიარებინა. ვცდილობდით რუსული ეკონომიკა ჩვენს ეკონომიკებში გაგვეერთიანებინა და ამ დროს, რუსეთი საქართველოში შეიჭრა. ზოგიერთმა დასავლეთში მაშინ დაიწყო იმაზე ფიქრი, რომ შეიძლება რუსეთთან ეს მიდგომა არ იყო სწორი. ასევე დაიწყო საინტერესო დისკუსია სხვა მხრივ, რომ ეს რუსეთის ქცევაში გამონაკლისი იყო, რომ ეს პატარა მოვლენა იყო. სხვები კი რეალობას ხედავდნენ . მოგვიანებით, 2014 წელს, ყველამ დაინახა, რომ ეს მანამდე დაწყებული პროცესის გაგრძელება იყო.
წყარო : ამერიკის ხმა