საქართველომ ჩრდილოკავკასიელებს საზღვრები უნდა გაუხსნას, რუსეთი მათ გენოციდს აპირებს – ზაკაევი

“საქართველომ ჩრდილოკავკასიელებს საზღვრები უნდა გაუხსნას, რუსეთი მათ გენოციდს აპირებს” –  ამის შესახებ, ჩეჩნეთის რესპუბლიკა იჩქერიის პრემიერ-მინისტრმა ახმედ ზაკაევმა განაცხადა. მისი თქმით, რუსეთი ჩრდილოეთ კავკასიის წარმომადგენლების უკრაინაში საზარბაზნე ხორცად გამოყენებას აპირებს.  ამის შესახებ ზაკაევმა “ფორმულასთან” ისაუბრა.

“დღეს მსოფლიოს და რუსეთის ფედერაციის მეზობლებს უნდა ესმოდეთ, რომ საფრთხე მომდინარეობს არა მხოლოდ პუტინისგან, არამედ რუსეთის იმპერიის არსებობისგან… მინდა საქართველოს ხელისუფლების ყურადღება მივაპყრო იმისკენ, რომ დღეს ჩაკეტილია საზღვრები და არ უშვებენ ჩრდილოეთ კავკასიის წარმომადგენლებს. ეს დიდი შეცდომაა. ამის გაკეთა არ შეიძლება. პუტინი არ არის მუდმივი, დღევანდელი რუსეთი – იმ იმპერიალისტურ მდგომარეობაში როგორშიც ჯერ არის, ასევე არაა მუდმივი. პუტინი ჩრდილოეთ კავკასიელებს იყენებს საზარბაზნე ხორცად და ამ პატარა ერების ხარჯზე ატარებს მობილიზაციას. ისინი ცდილობენ ამ გენოციდს თავი გაქცევით აარიდონ და პირველ რიგში საქართველოში გაქცევაზე ფიქრობენ. ეს მოძმე ერია.

საქართველოს აქვს ისტორიული პასუხისმგებლობა ამ ერების წინაშე, რომლებიც რუსული უღლის ქვეშ არიან. იქამდე სანამ საქართველომ არ მოაწერა ხელი გეორგიევსკის ტრაქტატს, რუსეთმა ვერ დაიმკვიდრა თავი კავკასიაში. დღეს, როცა საქართველო გათავისუფლებულია რუსეთისგან, ის ვალდებულია ხელი შეუწყოს იმას, რომ სხვა ერებიც გათავისუფლდნენ. დღეს, როცა ამ ერების გენოციდი ხდება, საქართველომ უნდა გამოუწოდოს მათ დახმარების ხელი, გაუხსნას საზღვრები, მერე შეიძლება რამე შეიცვალოს და სხვა ქვეყნებშიც წავიდნენ, მაგრამ დღეს საქართველოში უნდა გაექცნენ ამ საფლავიზაციას. საქართველოს პოზიცია უნდა იყოს არა ანტი-კავკასიური. ამ ხალხს არ უნდა სიკვდილი და არ უნდა, რომ უკრაინელების მკვლელები გახდნენ. საქართველოს ხელისუფლებამ და მოსახლეობამ ეს უნდა გაიგოს”, – განაცხადა ზაკაევმა.