საქართველოსა და სომხეთის მოქალაქეები საზღვარს პირადობის მოწმობით გადაკვეთენ

საგარეო საქმეთა მინისტრის, ილია დარჩიაშვილის თქმით, საქართველოსა და სომხეთის პრემიერ-მინისტრებმა ხელი მოაწერეს ორ ქვეყანას შორის უკვე არსებული უვიზო მიმოსვლის რეჟიმის კიდევ უფრო გამარტივების დოკუმენტს, რის შედეგადაც სომხეთის რესპუბლიკის მოქალაქეებსა და საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ ID ბარათებით გადაკვეთონ ორი ქვეყნის საზღვარი.

“დღევანდელი დღის წესრიგი ძალიან ფართოა და მოიცავს სხვადასხვა სფეროებს, ტრანსპორტი, კომუნიკაციები, ტექნოლოგიები, ჯანდაცვა, სოფლის მეურნეობა და სხვა სფეროები. დარწმუნებული ვარ, რომ სხდომის ფარგლებში მიღებული შეთანხმებები სომხურ-ქართულ ურთიერთობებს ახალ შინაარსს შესძენენ.” – თქვა ნიკოლ ფაშინიანმა.

პრემიერმა ასევე აღნიშნა, რომ 2022 წელს იანვარ-ნოემბრის პერიოდში სავაჭრო ბრუნვა დაახლოებით 70%-ით გაიზარდა. ბრუნვამ მილიარდ დოლარს გადააჭარბა და სომხეთმა ტოპ ათეულში მე-6 სავაჭრო პოზიცია დაიკავა.