“საქართველოსთან დაკავშირებით განიხილება სანქციების შესაძლებლობა, ეს უკვე პოლიტიკური განაჩენია “- ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე გიგა ბოკერიამ ჟურნალისტებთან ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში პოლიტიკური პარტიების ლიდერებთან შეხვედრამდე განაცხადა. როგორც გიგა ბოკერია აცხადებს, სტრატეგიული პარტნიორების მხრიდან „რეჟიმის მიმართ პოლიტიკური ბოიკოტი იზოლაციის პირველი ნაბიჯებია“, ხოლო ის, რომ საქართველოსთან დაკავშირებით სანქციების შესაძლებლობის სახით განიხილება, პოლიტიკური განაჩენია.
„სანქცია არის ლეგიტიმური და ბუნებრივი ნაბიჯი, რომელსაც იხილავენ, როდესაც ესა, თუ ის რეჟიმი საფრთხეს უქმნის ფუნდამენტურ ღირებულებებს, ან სტრატეგიულ ინტერესებს ევროკავშირის ღირებულებებთან მიმართებაში. ის, რომ საქართველოსთან დაკავშირებით განიხილება სანქციების შესაძლებლობა, უკვე პოლიტიკური განაჩენია. საქართველო სულ სხვაგან იყო და სულ სხვაგან უნდა იყოს. ჩვენ ახლა უნდა ვიხილავდეთ შემდგომი ინტეგრაციის საკითხებს ნატოსა და ევროკავშირში, შეერთებულ შტატებთან დაახლოებას, თავისუფალ ვაჭრობას, ევროკავშირთან მიმართებაში კიდევ მეტ ინტეგრაციას. როდის რა იქნება, არასერიოზული იქნება ჩემგან ამაზე საუბარი. ის, რაც უკვე დადასტურებულია, რომ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების მხრიდან ამ რეჟიმის მიმართ პრაქტიკულად პოლიტიკური ბოიკოტი, ეს არის იზოლაციის პირველი ნაბიჯები. ეს იგივე ნაბიჯის ნაწილია, რისი უკიდურესი ზომა არის სანქციები“,- აღნიშნავს ბოკერია.