საქართველოს ბანკზე თავდამსხმელს პატიმრობა შეეფარდა

საქართველოს ბანკზე თავდამსხმელს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

პროკურატურის ცნობით, ბრალდებულმა 16 აპრილს, ხმოვანი პისტოლეტით, საქართველოს ბანკის ერთ-ერთ ექსპრეს სერვის ცენტრში, მძევლად ხელში ჩაიგდო აღნიშნული სერვისცენტრის ოთხი თანამშრომელი, სერვისცენტრის უსაფრთხოების სამსახურის ადმინისტრატორი და საოპერაციო დარბაზში მყოფი სერვისის მომხმარებელი.

მათივე ინფორმაციით, ბრალდებულმა იარაღის გამოყენების მუქარით, ბანკში მყოფ პირებს შესასვლელი კარი ჩააკეტინა და მათ თავისუფალი გადაადგილების უფლება შეუზღუდა. შემდეგ კი იარაღის გამოყენების მუქარით, იძულებით ერთ-ერთ თანამშრომელს 112-ის ცხელ ხაზზე დაარეკინა და მძევლების გათავისუფლების სანაცვლოდ გარკვეული პირობები დააყენა.

სამართალდამცველებმა თავდამსხმელი 16 აპრილს დააკავეს და  მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 144-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ და „ი“ ქვეპუნქტებით (მძევლად ხელში ჩაგდება იმ მიზნით, რომ მძევლის გათავისუფლების პირობით აიძულოს ორგანიზაცია და პირი, შეასრულოს ესა თუ ის მოქმედება, ჩადენილი ორი და მეტი პირის მიმართ, სიცოცხლისთვის და ჯანმრთელობისთვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად ცხრიდან თოთხმეტ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურის ცნობით, საქმეზე ჩატარდა არაერთი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება. ასევე დაინიშნება ფსიქიატრიული ექსპერტიზა, რომელიც დანაშაულის ჩადენის დროს ბრალდებულის ფსიქიკურ მდგომარეობას შეისწავლის. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.