საქართველოს გვერდით ვართ, ვგმობთ უკანონო ოკუპაციას – უკრაინის შეიარაღებული ძალები

უკრაინის გენერალური შტაბი აგვისტოს ომთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და საქართველოს უდასტურებენ ურყევ მხარდაჭერას სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი.

“უკრაინის შეიარაღებული ძალები იხსენებს და საქართველოს თავდაცვის ძალების გვერდით დგას 2008 წლის აგვისტოს ომის 13 წლისთავზე. ეს იყო საქართველოს წინააღმდეგ მოსკოვიდან წამოსული კრემლის რეჟიმის მოღალატეობრივი, სისხლიანი რუსული სამხედრო აგრესია. უკრაინის შეიარაღებული ძალები გმობენ რუსეთის ფედერაციის ომს საქართველოს წინააღმდეგ, რომელიც 2008 წლის 7 აგვისტოს დაიწყო, აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში / სამხრეთ ოსეთში საქართველოს სუვერენული ტერიტორიების მიმდინარე უკანონო ოკუპაციას, ასევე რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის ნაბიჯებს, რომელიც მიმართულია ამ რეგიონების ფაქტობრივი ანექსიისკენ.

2008 წელს რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის გაყინვით რუსი აგრესორის დამშვიდების მცდელობამ გამოიწვია რუსეთის ფედერაციისა და მისი საოკუპაციო ძალების პირდაპირი შეიარაღებული აგრესია უკრაინის წინააღმდეგ 2014 წლის თებერვლიდან.

რუსეთის მიერ შეჭრა და საქართველოს 20%-ის ოკუპაცია არის გაეროს წესდების, ჰელსინკის აქტის, საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური წესებისა და პრინციპების უხეში დარღვევა”,– წერია გენშტაბის განცხადებაში.

მათივე განცხადებით, საქართველოსა და უკრაინის უსაფრთხოების გარანტიები ნატოში შესვლაზე გადის.

“რუსული პროპაგანდა და ჰიბრიდული ძალები ცდილობენ შეცვალონ ჭეშმარიტი მსოფლიო აზრი, რომ რუსეთი არის მტერი, რომელთანაც საჭიროა ერთობლივი ძალებით ბრძოლა. რუს აგრესორთან ბრძოლისას მხოლოდ ურყევ ტრანსატლანტიკურ ერთიანობას და სოლიდარობას შეუძლია დაუბრუნოს მშვიდობა და უსაფრთხოება საქართველოსა და უკრაინას. უკრაინისა და საქართველოს უსაფრთხოების მდგრადი და გრძელვადიანი გარანტიები – ეს არის ნატოში შესვლა”,– ვკითხულობთ უკრაინის შეიარაღებული ძალების განცხადებაში.