საქართველოს ეკონომიკა აგვისტოში 10.3%-ით გაიზარდა – საქსტატი

საქსტატის წინასწარი შეფასებით, აგვისტოში, წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით, საქართველოს ეკონომიკა 10,3%-ით გაიზარდა. 2021 წლის პირველი რვა თვის ზრდის საშუალო მაჩვენებელი 12% იყო.

გასათვალისწინებელია, რომ 2020 წლის აგვისტოში საქართველოს ეკონომიკა 5.3%-ით შემცირდა, ხოლო გასული წლის პირველი რვა თვის საშუალო კლებამ 5.6% შეადგინა.

საქსტატის ანგარიშში ნათქვამია, რომ 2021 წლის აგვისტოში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ზრდა შეინიშნებოდა შემდეგ დარგებში: დამამუშავებელი მრეწველობა, საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობა, ვაჭრობა, ელექტროენერგიის, აირის, ორთქლის და კონდიცირებული ჰაერის მიწოდება, სასტუმროები და რესტორნები, ტრანსპორტი და დასაწყობება, ხელოვნება, გართობა და დასვენება.

კლების ტენდენცია დაფიქსირდა მშენებლობის და სამთომოპოვებითი მრეწველობის
დარგებში.