საქართველოს ეკონომიკის ზრდა 2021 წელს 3.5%-თ არის მოსალოდნელი, კორონავირუსული დაავადების (კოვიდ-19) პანდემიის შეკავების მიზნით დაწესებული შეზღუდვების ეტაპობრივი მოხსნისა და შიდა მოთხოვნის გამოცოცხლების ხარჯზე, ნათქვამია აზიის განვითარების ბანკის (ADB) ახალ ანგარიშში.
აზიის განვითარების პროგნოზის (ADO) 2021 — ბანკის მთავარი ყოველწლიური ეკონომიკური გამოცემის მიხედვით ADB საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდას 2022 წელს 6%-ით ვარაუდობს, რადგან ეკონომიკის სრული გახსნა და ტურიზმის მოსალოდნელი აღდგენა მოგზაურობისა და ვაჭრობის სტიმულირებას მოახდენს.
“როგორც ტურიზმზე დამოკიდებული ეკონომიკა, პანდემიასთან დაკავშირებული შეზღუდვების ეტაპობრივმა მოხსნამ მიმდინარე წელს ქვეყნის ეკონომიკური ზრდა უნდა განაახლოს და 2022 წელს კიდევ უფრო დააჩქაროს,“ განაცხადა ADB-ის მუდმივი წარმომადგენლობის დირექტორმა საქართველოში შეინ როზენტალმა. “ვაქცინაცია ეკონომიკის სწრაფი აღდგენის გასაღებია. ამავდროულად, მცირე და საშუალო საწარმოების ფინანსებზე წვდომის გამარტივება, ელექტრონული კომერციის გაუმჯობესება და სოფლის მეურნეობის ტრანსფორმაცია საკვები პროდუქტების ექსპორტის გაზრდის მიზნით, საქართველოს ეკონომიკის გრძელვადიანი ზრდისა და მოსახლეობის ეკონომიკური კეთილდღეობის წინაპირობაა.“
ADB 2021 წელს ინფლაციის 5.0%-მდე შენელებას ვარაუდობს, 2022 წელს კი 3.5%-მდე. მიმდინარე ანგარიშების დეფიციტი 2021 წელს მშპ-ს 10 პროცენტამდე შემცირდება, 2022 წელს კი 7 პროცენტამდე, რადგან საქონლის ბალანსი და ტურიზმი ეტაპობრივად მოიმატებს.
მთავრობის მიერ სურსათის უწყვეტი მიწოდებისკენ მიმართული ღონისძიებების შედეგად ADB 2021 წელს სოფლის მეურნეობის 3.2%, ხოლო 2022 წელს 3.9% ზრდას ელოდება. 2021 წელს ინვესტიციები დამუხრუჭდება, რადგან კერძო ინვესტიციები 7.5%-ით დაიკლებს, თუმცა ზრდაა მოსალოდნელი მომავალ წელს.
მსოფლიოში გაჯანსაღების მძლავრი ტენდენციის ფონზე ექსპორტი 2021 წელს 7.1%-ით გაიზრდება, ხოლო 2022 წელს — 20.4%-ით. იმპორტი მოიმატებს ზომიერად, 2021 წელს 3.6%-ით, ხოლო 2022 წელს — 8.9%-ით.
ADB-ის ანგარიშში ხაზგასმულია საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარების მნიშვნელობა საფერმო მეურნეობის ცოდნის, კავშირების, ფინანსებთან წვდომისა და ტექნიკური შესაძლებლობის გასაუმჯობესებლად. სოფლის მეურნეობის წარმოების ტექნოლოგიური გაუმჯობესება, ბაზარზე წვდომის გამარტივება და კერძო ინვესტიციების მოზიდვა ხელს შეუწყობს კონკურენციის გაძლიერებას და გაზრდის საექსპორტო პოტენციალს.
მთავრობამ ასევე უნდა განაგრძოს ინვესტიციების წახალისება საირიგაციო სისტემებში, პროდუქტიულობის გაზრდის, სოფლის მეურნეობის საექსპორტო ნაწარმის ხარისხის გაუმჯობესებისა და ევროკავშირისა და სხვა განვითარებული ბაზრების სტანდარტიზაციის მოოთხოვნებთან შესაბამისობის მიზნით.