საქართველოს ელჩი ისრაელში: სარაკეტო თავდასხმები გაგრძელდება, დროებითი სიწყნარეა

ისრაელში საქართველოს ელჩი ლაშა ჟვანია ისრაელში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს მიმართავს, რომ სარაკეთო თავდასხმა გაგრძელდება, დროებითი სიწყნარე კი არ ნიშნავს პრობლემის აღმოფხვრას.

“აშკელონი, აშდოთი და შდეროთი ახლაც იბომბება. დაანონსებულია სარაკეტო იერიში ღაზას სექტორიდან ისრაელის ცენტრის მიმართულებით. ქალაქები თელ ავივი, ხულონი, რამლე, ბათ იამი, ლოდი, ჰერცელია, რიშონ ლეციონი, გივატაიმი, ბნეი ბრაკი, რამათ განი და მათი შემოგარენი დასახლებები რეალური საფრთხის ქვეშ იქნებიან. დღეს ბევრი გავიდა სამუშაოდ. გთხოვთ, თავი შეიკავეთ ისეთ მანძილზე გადაადგილებისგან, სადაც თავშესაფარი მიუღწევადია (ძირითადად ტრასებზე). 17:30-მდე დავრუნდით საცხოვრებელ სახლებში თუ ვერ მოახერხებთ, დარჩით ახლანდელ ლოკაციაზე. თვალყური ადევნეთ ინფორმაციებს”,– წერს ჟვანია.

მისივე თქმით, მოქალაქეებმა არ უნდა შეიქმნან ილუზია, რომ გარშემო სიმშვიდეა.

“ჩვენს ახლობლებ საქართველოში და მსოფლიოში დიდი მადლობა თანადგომისთვის და გთხოვთ, საკუთარი ოჯახის წევრებთან დაკავშირებისას არ იკითხოთ “როგორ არიან” კითხეთ:”სად არიან” და მოუწოდეთ საცხოვრებლებში დავრუნებისკენ. არ გაითვალისწინოთ სოციალური ქსელით კერძო პირების დამაბნეველი მოწოდება, რომ სიწყნარეა და ყველაფერი კარგადაა. დაიცავით უსაფრთხოების წესები ღმერთი შეგვეწევა თუ ფრთხილად ვიქნებით და არ გამოვცდით. მშვიდობა ისრაელს და მშვიდობა ჩვენ!”,– აცხადებს საქართველოს ელჩი ისრაელში.