საქართველოს კანდიდატის სტატუსი უნდა შეჩერდეს! – 30-ზე მეტი ევროპარლამენტარი ბორელს წერილით მიმართავს

” საქართველოს კანდიდატის სტატუსი უნდა შეჩერდეს გაწევრიანების პროცესში შემდგომ პროგრესამდე.” – 30-ზე მეტი ევროპარლამენტარი საქართველოში მიმდინარე მოვლენებსა და რუსულ კანონზე საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს , ჯოზეფ ბორელს წერილით მიმართავს:

“ძვირფასო უმაღლესო წარმომადგენელო/ვიცეპრეზიდენტო,

საქართველოს ხელისუფლების მუდმივმა არადემოკრატიულმა ქცევამ, განსაკუთრებით მათ მიერ უცხოური აგენტების შესახებ რუსული სტილის კანონის გატანის აგრესიული მცდელობისა და მშვიდობიანი დემონსტრანტების მიმართ ძალის გამოყენებამ გადალახა ზღვარი. ამგვარმა საქციელმა კიდევ უფრო გაზარდა დაძაბულობა და პოლარიზაცია ქართულ პოლიტიკასა და საზოგადოებაში, რაც ეწინააღმდეგება იმ ცხრა ნაბიჯს, რომელთა გადადგმაზეც საქართველოს მთავრობამ პასუხისმგებლობა აიღო, როდესაც ქვეყანას მიენიჭა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი. მოგიწოდებთ, გამოიჩინოთ მტკიცე პოზიცია და შემდეგი ზომები, რაც მკაფიო სიგნალს გაუგზავნის საქართველოს ხელისუფლებას.

ჯერ ერთი, საქართველოს ხელისუფლებისა და წამყვანი პარტიის “ქართული ოცნების” ქცევა ეწინააღმდეგება ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის ვალდებულებებს. ამიტომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი უნდა შეჩერდეს გაწევრიანების პროცესში შემდგომ პროგრესამდე.

მეორე, უნდა გადაიხედოს ევროკავშირის მიერ საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტისა და სამთავრობო პროგრამების დაფინანსება.

მესამე, საქართველოს პროგრესის შუალედური შეფასება 2023 წლის 8 ნოემბრის კომისიის რეკომენდაციაში მოცემული ცხრა ნაბიჯის განხორციელების შესახებ უნდა იქნას განხორციელდეს შეფერხების გარეშე. ეს ღონისძიება შეტანილია პარლამენტის 2024 წლის 25 აპრილის რეზოლუციაში საქართველოში უცხოელი აგენტების კანონის ხელახალი შემოღების მცდელობისა და სამოქალაქო საზოგადოების შეზღუდვების შესახებ.

ბოლო წლებში ჩვენ დაუღალავად ვმუშაობდით ქართველი ხალხისა და მისი ევროკავშირში გაწევრიანების მისწრაფებების მხარდასაჭერად. ჩვენ ახლაც მტკიცედ მივყვებით ამ გზას, მაგრამ დემოკრატიული კრიტერიუმები ევროკავშირის ყველა კანდიდატი ქვეყნისთვის არის იგივე და ისინი დაცული უნდა იყოს”  – ნათქვამია ერთობლივ წერილში