“საქართველოს მეგობრების ამოცანაა, ცივილიზებული ფორმით სცადონ, რომ ივანიშვილმა ქვეყანა მეტ შარში არ გახვიოს” – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ბოკერიამ განაცხადა. მისი თქმით საერთაშორისო საზოგადოება საქართველოში არსებული ვითარების გამო შეშფოთებულია და ამის მაგალითია ის გზავნილები, რომელიც ბოლო პერიოდის განმავლობაში ისმის.
„მთელი ეს გზავნილი, რომელიც ეს პერიოდი ყველას გვესმის, პირველ რიგში, ფიზიკურად ესმის ივანიშვილსა და მის გარემოცვას, ეს ჩვენი ქვეყნის მომავალს უკავშირდება. ეს არის საერთო სურათი, რომელსაც ჩვენი პარტნიორები ხედავენ და როგორც ქართული საზოგადოების, ასევე მათ შეშფოთებას იწვევს, თუ საით მიყავს ივანიშვილს ქვეყანა. ბოლომდე მათ იგნორირებას ის ვერ ახერხებს, ამის მაგალითია ქართული საზოგადოების წნეხთან ერთად ის, რომ ჩვენ მოვახერხეთ მიგვეღო ის საარჩევნო მოდელი, რომელიც მას არ სურდა და პოლიტპატიმრის ნაწილის გათავისუფლება მოუწია, მაგრამ მაინც ვირეშმაკობს და ეს ვირეშმაკობა საზიანოა ქვეყნისთვის. საქართველოს მეგობრების ამოცანაა, ამ ცივილიზებული ფორმით სცადონ, რომ ივანიშვილმა ქვეყანა მეტ შარში არ გახვიოს. სწორედ ამას ემსახურება ეს გზავნილები.ჩვენ გვაინტერესებს შედეგები, რურუა უნდა იყოს თავისუფალი, ძალადობის არც ერთი ფაქტი აღარ უნდა გვქონდეს. თუ ის ამ გზას გააგრძელებს იმის შიშით, რომ ძალაუფლებას დაკარგავს, ეს შიში რაციონალურია, რადგან ამ ძალაუფლებას დაკარგავს. ამით თავს ვერ გადაირჩენს, მაგრამ შარი ქვეყნისთვის კიდევ უფრო მეტი იქნება, ვიდრე მთელი ამ წლების განმავლობაში იყო “-განაცხადა ბოკერიამ.