ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარე ჟიგიმანტას პავილიონისი აცხადებს, რომ საქართველოს მეგობრები შეხვედრისას ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილისთვის სანქციების დაწესებაზე საუბრობენ. ამის შესახებ პავილიონისმა “ფორმულას” ეთერში განაცხადა.
”საკუთარი თავი მიმაჩნია როგორც საქართველოს ერთ-ერთი საუკეთესო მეგობარი. საქართველოს მხარს ვუჭერ ვარდების რევოლუციის დროიდან და ვიყავი ერთ-ერთი პირველი საერთაშორისო ექსპერტი, რომელიც მომიწვიეს საქართველოში. მახსოვს კიდეც, ვერტმფრენით როდესაც მოვფრინავდი საქართველოს ბევრ მეგობართან ერთად. იცით, საქართველოს მეგობრები როდესაც ვხვდებით, რაზე ვსაუბრობთ? – ბიძინა ივანიშვილის სანქციებზე. არ არის ეს უცნაური? საქართველოს საუკეთესო მეგობრები, ვინც ახლა უნდა ახორციელებდეს ლობირებას მის კანდიდატობაზე, საუბრობს, როგორ დაიხსნას სააკაშვილი ციხიდან და როგორ დაუწესდეს ივანიშვილს სანქციები.” – განაცხადა პავილიონისმა.